1 იანვრიდან ინსპექტირების გავლა ყველა მძღოლისთვის სავალდებულო ხდება. არასამთავრობო ორგანიზაციები პროცესის ხარვეზებზე მიუთითებენ. მათი თქმით, ინსპექტირების პროცესი უკვე ჩავარდა, რადგან ეკონომიკის სამინისტრომ, რომელიც პასუხისმგებელი უწყებაა, ის სწორად ვერ წარმართა.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ავტომობილების შემოწმების პროცესს ასახელებენ. რისი მიზეზიც მათი თქმით, არასაკმარისი ტექნიკური აღჭურვაა. გარდა ამისა, არასამთავრობოებისთვის საეჭვოა საწვავის ხარისხი და ინსპექტორების კომპეტენციაც.
ინსპექტორების ჩარევა შემოწმების პროცესში მინიმალურია და ძირითად კომპონენტებს კომპიუტერი განსაზღვრავს - ასე განმარტავენ პროცესს ინსპექტირების ცენტრების წარმომადგენლები. მათი თქმით, ინსპექტორები ტრეინინგებს და პარქტიკებსაც გადიან, რაც ხარვეზის გაპარვის შანსს გამორიცხავს.
ამ დროისთვის უკვე შემოწმებულია 135 ათასი ავტომობილი. მათგან 40 ათასი ხარვეზიანი აღმოჩნდა. მძღოლებს ხარვეზების გამოსასწორებლად ერთთვიანი ვადა ჰქონდათ, თუმცა მეორე შემოწმებაზე მათგან მხოლოდ 28 ათასი მიბრუნდა.
12 ათასი დაწუნებული ავტომანქანა, რომელიც ქალაქში არ უნდა დადიოდეს, გზებზე მოძრაობას კვლავ დარღვევებით აგრძელებს. სწორედ ამის გამო აქვს ინსპექტირების პროცესის მიმართ პრეტენზიები ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელს. ვაჟა იორდანიშვილი დარწმუნებულია, რომ ინსპექტირებისას ერთჯერადი შემოწმება საკმარისი არ არის.
ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას 20 დეკემბრიდან ინსპექტირების ახალი ცენტრები უნდა აემუშავებინა, თუმცა ვერ მოესწრო. ვაჟა იორდანიშვილი ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან ორმაგი სტანდარტის გამოყენებასაც ეჭვობს.
ინსპექტირების ცენტრებისა და არასამთავრობოების პრეტენზიებს ეკონომიკის სამინისტროში არ პასუხობენ.
ინსპექტირების მე-4 ეტაპი იანვრიდან დაიწყება. მანამდე კი საქართველოში სულ ინსპექტირების 40 ცენტრია, რომლებშიც ავტომობილებს 89 ხაზზე ამოწმებენ.