ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმი საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის წესებს ამკაცრებს. ე.წ. მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს ე.წ. საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ საოკუპაციო რეჟიმის უსაფრთხოების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურის საშვებით შეეძლებათ. მანამდე საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპირებული რეგიონიდან ადგილობრივი მოსახლეობა პასპორტისა და სპეციალური საშვის მეშვეობით გადმოდიოდა. ცხინვალის რეჟიმის ინფორმაციით, ახალი რეგულაცია მათ იმ მოქალაქეების შესახებ ინფორმაციის შეგროვებაში დაეხმარება, რომლებიც საზღვარს გამარტივებული წესით კვეთენ.