პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ 14:00 საათზე ბრიფინგი ჩანიშნა. სავარაუდოდ, სწორედ ამ პრესკონფერენციაზე გააკეთებს ეკა ბესელია განცხადებას მისი კომიტეტიდან წასვლის თაობაზე. არსებული ინფორმაციით, კომიტეტს ტოვებს ასევე ეკა ბესელიას მოადგილე ვანო ზარდიაშვილიც.
გავრცელებული ინფორმაციით იურიდიულ კომიტეტში ცვლილებების უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიას უკავშირდება, რომელიც გუშინ პარლამენტმა ჩააგდო. მმართველი გუნდის წევრები ღიად აკრიტიკებდნენ წარდგენილ სიას და ამბობდნენ, რომ აუცილებელია თავდაპირველად გარკვეული კრიტერიუმების შემუშავება მოსამართლეთა შესარჩევად.
რამდენიმე დღით ადრე კი აღნიშნულ სიასთან მიმართებაში ეკა ბესელია საკმაოდ ნეიტრალური იყო.
სავარაუდოდ სწორედ ამ სიას უკავშირდება ეკა ბესელიას და ვანო ზარდიაშილის კომიტეტიდან წასვლა. სავარაუდოდ, მათ განცხადება უკვე დაწერილი აქვთ, თუმცა მმართველ გუნდში ამ ეტაპზე განმარტებებს არ აკეთებენ.
„მოდით ამ საკითხზე მას შემდეგ ვისაუბროთ ფაქტი თუ დადგება. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ გუშინ სია, რომელიც ვერ გადიოდა იურიდიულ კომიტეტზე ჩავარდა პირდაპირი მნიშვნელობით და ყველაზე მნიშვნელოვანია ის რომ ჩვენ დავტოვეთ ყველაზე დიდი შანსი იმისთვის, რომ უვადო მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში გახდნენ წესიერი ადამიანები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ყველანაირ კრიტერიუმს. გუშინ რომ სია ჩავარდა არის იურიდიული კომიტეტის დიდი დამსახურება და ლომის წვლილი კომიტეტის თავმჯდომარეს ეკუთვნის. ყველა ვთანხმდებით იმაზე რომ კრიტერიუმები არის საჭირო,“-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.