17 ნოემბერი 2024,   06:27
ვრცლად
"პარანოიას და ბოდვას დაემსგავსა"-იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები ლევან მურუსიძის საკითხზე კოლეგების შეფასებას ეხმაურებიან

ლევან მურუსიძე დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების კითხვებს უპასუხებს. მის გარდა იუსტიციის საბჭო მოსამართლეობის უვადოდ დანიშვნაზე წარდგენილ სხვა კანდიდატებსაც მოუსმენენ, თუმცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ლევან  მურუსიძის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურებიან.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა თავი შეიკავა საკუთარი პოზიციის გაჟღერებისგან დაუჭერს თუ არა მხარს ლევან მურუსიძის უვადოდ გამწესებას საკითხს მხარს, თუმცა განაცხადა, რომ უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილებას მიიღებს კანდიდატის კეთილსინდისიერებიდან და კვალიფიკაციიდან გამომდინარე. იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრმა დღეს საბჭოს არამოსამართლე წევრის ბოლო დროინდელ განცხადებებს პარანოია უწოდა.

„საბჭოს ზოგიერთი წევრის მოსაზრებები, შეხედულებები უკვე დიდი ხანია გაცდა გონივრული ლოგიკის ფარგლებს. უკვე პარანოიას და ბოდვას დაემსგავსა. ლევან მურუსიძეს და სხვა მოსამართლეების გასაუბრების დღეს დანიშვნა განაპირობა იმან, რომ ამ მოსამართლეებს უფლებამოსილების ვადა ეწურებათ. აქედან გამომდინარე საბჭოს აქვს კანონისმიერი ვალდებულება გადაწყვიტოს ამ მოსამართლეთა საკითხი უახლოეს მომავალში. მე პირობას ვდებ თქვენს წინაშე და საზოგადოების წინაშე რომ ჩემი და საბჭოს სხვა წევრების გადაწყვეტილება იქნება კანონიდან გამომდინარე და კანდიდატის პიროვნული კეთილსინდისიერების და კომპეტენტურობის კრიტერიუმებიდან გამომდინარე,“-განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით არსებობს მცდელობა, რომ სასამართლო ჩარეული იყოს პოლიტიკურ პროცესებში რაც არ მოხდება.

„ძალიან დიდი მცდელობა არსებობს, რომ სასამართლო ჩათრეული იყოს რაღაც პოლიტიკურ პროცესებში რასაც ჩვენ აბსოლუტურად ვემიჯნებით და სასამართლო ნამდვილად არასდროს ჩაერევა პოლიტიკურ პროცესებში. ამის მცდელობა არ უნდა ჰქონდეს არავის,“-განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა და თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მიქაუტაძემ. 

დღის ამბები