ქუთაისიდან თბილისში პარლამენტის გადატანის საკითხი ისევ დებატებისა და ურთიერთბრალდებების მიზეზი იყო დღევანდელ სესიაზე. ხმაური ნუკრი ქანთარიას განცხადებას მოჰყვა, რომელმაც ქუთაისის პარლამენტში სამახსოვრო ფოტოს გადაღება ითხოვა.
„იქნებ პროცედურულად რაღაც გარკვეული, სიმბოლური დავგეგმოთ დღის ბოლოს. ნუ სამახსოვროდ ჩხუბიც შეიძლებოდა მაგრამ მელია არ არის და გაგვიჭირდება. ბოლო ბოლო ფოტოსურათი მაინც გადავიღოთ სამახსოვროდ. ვინ იცის გაზაფხულამდე რა ხდება, დიდი ამბები გველოდება,“-განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
უმცირესობამ კი მმართველი გუნდი ქუთაისიდან პარლამენტის გადატანის გადაწყვეტილების გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
„ეს გადატანა ქუთაისიდან თბილისში მე ვფიქრობ რომ არის უკან, წარსულისაკენ გადადგმული ნაბიჯი. ეს არის ბერია-სტალინის ასე ვთქვათ არქიტექტურაში დაბრუნება და ეს არის იმ რეალობაში დაბრუნება, როდესაც ელიტა ცხოვრობს ერთ ქალაქში. იქვე უნდა გადაირბინოს და იქვე უნდა მოაყომაროს ასე ვთქვათ მომავალის და მთელი ქვეყნის ბედი,“-განაცხადა სერგო რატიანმა.
სერგო რატიანის ამ გამოსვლას გია ვოლსკიმ უპასუხა და „ევროპულ საქართველოს“ წევრს ურჩია უახლესი ისტორია წაიკითხოს.
„რასაკვირველია ბერია და სტალინის მოხსენიება და იმ შენობასთან დაკავშირება არის ერთ-ერთი ფანდი რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ მიმართავს უკაცრავად, ახალი „ნაციონალური მოძრაობა“ მაგრამ სერგიმ ეტყობა არ იცის. არ უნახია. არქივებში ჩაიხედეთ და სულ უახლოეს პერიოდში. კომკავშირული სულისკვეთება აი ამ განცხადებებშია,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.
მმართველი გუნდის წევრის განცხადების საპასუხოდ კი ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ისეთივე ლუსტრაციის კანონი რომ მიეღო, როგორც ეს 90-იან წლებში რამდენიმე ქვეყანამ გააკეთა, დღეს ბევრი დეპუტატი პარლამენტში ვერ იჯდებოდა.
„მე ნამდვილად ვერ დავტოვებ ბატონი გიას განცხადებას კომკავშირულ სულისკვეთებაზე. პირველი დავიწყებ იქიდან, რომ ნურავინ ნუ მიიღებს პირადად რომ 90-იან წლებში აღმოსავლეთ გერმანიის, ჩეხეთის, პოლონეთის, მსგავსად ლუსტრაციის კანონი, რომ მიეღო საქართველოს კოლეგებო ზოგიერთი ადამიანი საერთოდ არ იჯდებოდა ამ დარბაზში დეპუტატის მანდატით,“-განაცხადა ზურა ჭიაბერაშვილმა.
საპარლამენტო უმცირესობის გამოსვლებმა პატრიოტთა ალიანსის წევრი გააღიზიანა. ადა მარშანიამ კოლეგებს განცხადებები დაუწუნა და აღნიშნა, რომ მათ ცინიკური დამოკიდებულება არ მოსწონს.
„ვანდალისტური აქტები იყო მრავლად იქ. იმ შენობაში განხორციელებული. მაიმუნებივით რომ დახტოდით იმ პარლამენტის დარბაზში. რას ჰგავდა ის ხულიგნობა, თქვენი ე.წ. რეზოლუცია თუ რევოლუცია. რეზოლუცია დანაშაულებრივი ჩვენი ხალხისთვის იყო იმ დღეებში გამოტანილი. როდის დამთავრდება ეს თქვენი ცინიკური და თავხედური გამოსვლები ბოლოს და ბოლოს,“-განაცხადა ადა მარშანიამ.