ბრძოლა გავლენებისთვის - ასე აფასებს "ევროპული საქართველოს" იმ პროცესებს, რომელიც "ქართულ ოცნებაში" მიმდინარეობს და რომელიც შეიძლება ითქვას ღია დაპირისპირებაში მოსამართლეების სიის საკითხის დაყენების შემდეგ გადავიდა.
სერგო რატიანის განცხადებით, იგივე მოსამართლეები, რომლებიც "ქართული ოცნების" მმართველობამდეც ასრულებდნენ პოლიტიკურ დავალებებს, 6 წლის განმავლობაში ემსახურებიან ბიძინა ივანიშვილს.
„ბიძინა ივანიშვილს, პირადად მას სურს, რომ სასამართლოს მართავდეს პირადად მისადმი ლოიალური და ერთგული კლანი. რომელიც მანამდეც ასრულებდა პოლიტიკურ დავალებებს მაგრამ ამ 6 წლის განმავლობაში ის ასრულებდა პოლიტიკურ დავალებებს. და როდესაც თქვენ ლაპარაკობთ რომ ბნელ ოთახებში ვიღაცეები არ უნდა წყვეტდნენ საკითხს, ეს მოსამართლეები 6 წლის განმავლობაში სწორედ ბნელ ოთახებში იღებდნენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რომელსაც მათ ავალებდა ბიძინა ივანიშვილი...
მიხედე შენ თავს, ცუდ დღეში ხარ, ცუდად გამოიყურები. მესმის რომ არიან ადამიანები ამ დარბაზში რომლებიც გულწრფელად არიან აღშფოთებული იმ გადაწყვეტილების მიმართ რასაც აკეთებს ქართული ოცნება. ოღონდ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის ბრძოლა კლანური ბრძოლა უმრავლესობის შიგნით პირადი გავლენების მოსაპოვებლად,“-განაცხადა სერგო რატიანმა.
"ქართული ოცნების" ორ ბანაკად დაშლას, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას და მისი მოადგილის გადადგომა მოჰყვა. დღევანდელ სხდომაზე ეკა ბესელიას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა "პატრიოტთა ალიანსმა". მან შენიშვნაც კი მისცა მმართველი გუნდის იმ წევრს, რომელიც ეკა ბესელიას წინააღმდეგ გამოვიდა და მისი განცხადება რეპლიკით დაიწუნა.
"ნუ ეკვეხები, ჩვენ რისი უფლება გვაქვს მაგას განახებთ. მოსახლეობა გაგცემთ საკადრის პასუხს. მაგ სიამოვნებას როგორ მოგაკლებთ. მე მინდა უბრალოდ ვთქვა, რომ ქალბატონო ეკა ყველაფერს უნდა დაერქვას ის სახელი რაც ჰქვია თქვენს საქციელს. ქართულმა ოცნებამ დღეს კიდევ გადადგა ერთი ნაბიჯი საზოგადოებასთან დაშორების. გაწყვიტა ის კიდევ ერთი ხიდი, რომელიც მას აკავშირებდა 2012 წელთან. მე ვფიქრობ თქვენი გადადგომით ქართულმა ოცნებამ მოსახლეობას კიდევ ერთხელ უთხრა უარი იმ დაპირებების შესრულებაზე რომელსაც 6 წლის განმავლობაში იძლეოდა,“-განაცხადა დავთ ჭიჭინაძემ.
ეკა ბესელიას ღია მხარდაჭერა გამოუცხადა "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმაც. ირმა ინაშვილის თქმით ის რაც ახლა იურიდიულ კომიტეტში ხდება არის პატარა რევოლუცია.
„მინდა შეგახსენოთ, რომ სწორედ ბესელიას, გოგიჩაიშვილის, გეგიძის ჩემი და კიდევ სხვა ადამიანების ბრძოლის შედეგია დღეს რომ თქვენ პარლამენტში სხედხართ. და საერთოდ რომ ვლაპარაკობთ რასაც ჰქვია თავისუფლება, დემოკრატია ადამიანის უფლებები და ა.შ. მეჩვენება, რომ შიდა გადატრიალება და პატარა რევოლუცია ხდება თქვენს კომიტეტში. და ზუსტადაც ვაკავშირებ მოსამართლეების თემასთან თუ სიმართლე გინდათ და არავითარ შემთხევაში ქალბატონი ბესელია არ იმსახურებს ამგვარ ტონალობას, ამგვარად დამოკიდებულებას ზოგიერთი დეპუტატის მხრიდან. ეს არის პატარა კრიზისი მაგრამ მისი მასშტაბი ძალიან დიდია,“-განაცხადა ირმა ინაშვილმა.