უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭება და საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილება - თეოლოგები წმინდა სინოდს უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.
სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის თავშეკავება და წმინდა სინოდის წევრების მიერ კონსტანტინოპოლისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოს შორის არსებულ ურთიერთობებზე გამოთქმული მწუხარება, სამარცხვინოა.
მათივე თქმით, გუშინ გაკეთებული განცხადებიდან კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რამდენად დიდია რუსეთის გავლენა საქართველოს ეკლესიაზე.
„საქართველოს წმინდა სინოდში მძლავრია პრორუსული ფრთა, ეს ერთი. მეორე, არაფერია ნათქვამი უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით და ამავდროულად საუბარია იმაზე, რომ უკრაინაში ვითარება არის დაძაბული და გახლეჩილია იქ ერი, მრევლი და ა.შ. მესამე უმნიშვნელოვანესი მომენტი გახლავთ ის, რომ საქართველოს წმინდა სინოდი, როგორც ყოველთვის, უმნიშვნელოვანესი ისტორიული გადაწყვეტილებების და საკვანძო მომენტების დროს გაექცა პასუხისმგებლობას რეალურად და ამ შემთხვევაში გაექცაზე უარესი გააკეთა, ის აშკარად დადგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მხარეს. ეს არის აბსოლუტურად უგონო გადაწყვეტილება, ეს არის არაგონივრული როგორც ისტორიულ, ასევე სახელმწიფოებრივ პრიზმაში და ეს არის დიდი სირცხვილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის,“ - განაცხადა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა აკადემიის დირექტორმა გოჩა მირცხულავამ.
თეოლოგი, გიორგი თიგინაშვილი ამბობს, რომ უკრაინის ავტოკეფალიის მხარდაჭერასთან დაკავშირებით წმინდა სინოდში პოზიციები ორად იყოფა. მისი თქმით, საქართველოს ეკლესიის მიერ უკრაინის ავტოკეფალიის მხარის არ დაჭერა არაკორექტული და უსამართლო ნაბიჯი იქნება.
„თუკი საქართველოს ეკლესია უკრაინას დაუჭერს მხარს იმის შემდეგ, როცა გადაეცემა ტომოსი 6 იანვარს საზეიმო ვითარებაში, ეს იქნება გმირობა და გარკვეულწილად გააქარწყლებს იმ ეჭვებს, წარმოდგენებს თუ სტერეოტიპებს საქართველოს ეკლესიასთან დაკავშირებით, რაც არსებობს საერთაშორისო თუ ადგილობრივ საზოგადოებაში. ხოლო იმ შემთხვევაში თუკი ჩვენ არ დავუჭერთ და ვიქნებით დესტრუქციულები, ეს იქნება ძალიან არამართლზომიერი, არაკორექტული და უსამართლო ნაბიჯი. წმინდა სინოდშიც არ არსებობს ცალსახა პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან როგორც წესი, ჩვენ გვყავს რუსოფილური ორიენტაციის, იმპერიალისტური ზრახვების მღვდელმთავრები ხშირ შემთხვევაში, ხოლო ისინი, ვინც ჯანსაღად, ობიექტურად, კანონიკურად აზროვნებენ ჩრდილქვეშ და ფაქტობრივად, უუფლებონი არიან,“ - განაცხადა გიორგი თიგინაშვილმა.