ტაქსების მომსახურების ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით, თბილისის მერის განცხადებას ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა" ჰაბ ჯორჯიას" აღმასრულებელი დირექტორი გამოეხმაურა.
ვასო ურუშაძის ამბობს, რომ კახი კალაძის გადაწყვეტილება ტაქსებზე ხელმისაწვდომობის გართულებას ემსახურება.
მისი თქმით, გაცილებით მნიშვნელოვანმა საკითხებზე უკანა პლანზე გადაიწია და წინ წამოიწია ისეთმა საკითხებმა, როგორიცაა ტაქსების ფერი და მოსაკრებელი. ვასო ურუშაძე მერიას საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას ურჩევს.
"აირჩიეს გაურკვეველი რეგულაციების გზა, გაურკვეველი დამატებითი ბარიერები. პირველ რიგში, ეს იყო რაღაც გაურკვეველი აღწერა და დამატებითი გადასახადების დაწესება ტაქსის მძღოლებისთვის, შემდეგ საუბარი დაიწყო ფერზე და შეღებვაზე ავტომობილების. ანუ რეალურად, ის პრობლემები, რომელიც მაშინ პირველ ეტაპზე იყო ჩამონათვალში, ეს იყო მოძრაობის უსაფრთხოება, ეკოლოგია და მძღოლების კვალიფიკაცია გადაინაცვლა არ ვიცი რომელ ეტაპზე, მეათე ან მეასე ადგილზე. როგორც აღმოჩნდა, მივიღებთ უფრო მეტად გაძვირებულ სერვისს"- აცხადებს ურუშაძე.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც დღეს ვასო ურუშაძემ ისაუბრა, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ეხება. საუბარია, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც სხვა კომპანიას 20 წლის ვადით გადაეცემა მიწის ქვედა და ზედა ტრანსპორტზე რეკლამის განთავსების უფლება.