ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორზე განხორციელებული შესაძლო პოლიტიკური ზეწოლის საკითხს პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. დეპუტატები განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახურის წარმომადგენლებისგან ახსნა-განმარტებებს მოისმენენ.
განათლების კომიტეტის სხდომას გარდაცვლილი ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია, ოპოზიციის წარმომადგენელები ესწრებიან. ბაჩანა შენგელიას თქმით, განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან მას ძალიან ბევრი კითხვა აქვს დასასმელი.
„მოვითხოვთ დეტალურ პასუხებს, რა მოხდა რატომ მოხდა 8 ნოემბერს ასეთი წარმოდგენელი რეაგირებას ასეთ საჩივარზე. რატომ მოხდა, რომ ერთ დღეში, 9-ში დილით არის აქ ინსპექტირების ჯგუფი, რომლებიც სპეცოპერაციის დონეზე ახორციელებენ ამ თავდასხმას. რატომ დასაჯეს ის თავისი შეხედულებების გამო, რამ გამოიწვია მთელი ეს პროცესი, რამაც ადამიანი გარდაცვალებამ მიიყვანა,“- განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.
ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, მას შემდეგ, რაც ია კერზაიამ უარი განაცხადა, რომ წინასაარჩევნოდ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ემუშავა, სკოლის დირექტორის წინააღმდეგ სპეცოპერაცია განხორციელდა.
„კითხვები, რომელიც მე მაქვს, მაგალითად, რატომ შეიქმნა და გამოეყო აუდიტის სამსახურს ინსპექტირების სამსახური 2018 წლის 14 სექტემბერს და ბახტაძის ხელმოწერით არის ეს დადგენილება, რომელიც ეხება სტრუქტურულ ცვლილებებს განათლების სამინისტროში. რატომ არ არის აქამდე ის წერილი, რომელსაც ჩემი ინფორმაციით, ჰყავს ხელმომწერები და არ არის ანონიმური. მესამე - როგორ მოხდა ისე, რომ მოკლე ვადაში გამოიცა რამდენიმე ბრძანება მინისტრის და მეორე დღეს სადამსჯელო ღონისძიებას ინსპექტირების სამსახური ატარებს,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ.
ინსპექტირების სამსახურის ხელმძღვანელმა ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა და განაცხადა, რომ ყველა დაგროვილ შეკითხვას კომიტეტის სხდომაზე გასცემს პასუხს.
„პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო ამ ფაქტის გამო, მაგრამ ყველა კითხვაზე, რაც არის საზოგადოებაში, დღეს გავცემთ პასუხს,“- განაცხადა გიორგი ქოჩიაშვილმა.
განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის თქმით, საზოგადოებას დაპირდნენ, რომ საკომიტეტო მოსმენაზე პასუხგაუცემელ საკითხზე ემსჯელათ.
ია კერზაია დეკემბრის დასაწყისში გარდაიცვალა, მას ინსულტი ჰქონდა. მისი შვილი ამბობს, რომ მისი დედის ავადმყოფობა წინასაარჩევნოდ განვითარებულმა პროცესებმა გამოიწვია. ბაჩანა შენგელიას თქმით, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორს მმართველი პარტიის სასარგებლოდ აგიტაციას აიძულებდნენ, რაზეც ია კერზაიამ უარი განაცხადა. შენგელიას განმარტებით, ამის შემდეგ განათლების სამინისტროს ინსპექციაში ანონიმური წერილი შევიდა, მოგვიანებით კი მე-6 საჯარო სკოლაში ინსპექციამ მუშაობა დაიწყო. ბაჩანა შენგელიას თქმით, მისი დედა ამ პერიოდში მიღებულმა სტრესმა იმსხვერპლა.