17 ნოემბერი 2024,   05:36
ვრცლად
ზუგდიდში ტრანსპორტის მოძრაობა თითქმის პარალიზებულია - მოსახლეობა გზების მოწესრიგებას მოითხოვს

ზუგდიდში ტრანსპორტის მოძრაობა თითქმის პარალიზებულია. ქალაქში გადაადგილება უჭირთ ავტომობილებს. ქუჩები ყველგან გადათხრილია, დიდი ზომის ორმოების გადალახვა კი თითქმის შეუძლებელი.

ადგილობრივებს ორმოებში დაგროვებულ წყალსა და ტალახში უწევთ სიარული. ორ წელიწადნახევარია ქალაქში წყლისა და კანალიზაციის მილები გაჰყავთ.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას, რომელმაც ტენდერი მოიგო, დებულებაში უწერია, რომ მილების ჩაყრიდან 25 დღეში გზა პირვანდელ სახეს უნდა დაუბრუნოს.

გადათხრილი გზების გამო გართულებულია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებამდე მოძრაობაც. გამოძახებებზე დროულად მისვლას ვერ ახერხებენ სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

ზუგდიდის მცხოვრებლები გაჭიანურებული სამუშაოების შესწავლასა და გზების მოწესრიგებას მოითხოვენ. ამისთვის პროექტში 3 მილიონი ლარია გათვალისწინებული, თუმცა თანხა ჯერ საერთოდ არ დახარჯულა.

სამუშაოების მალე დასრულების პირობას ვერ დებენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში.

პროექტი რომ ხარვეზებით მიმდინარეობს, ადასტურებენ ადგილობრივ ხელისუფლებაშიც. ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ გზების რეაბილიტაცია მომავალ წელს დაიწყება. მისი თქმით, ხელისუფლება საკითხის შესწავლას გეგმავს.

„კურიერის“ ინფორმაციით კი, სწორედ ამ საქმეს შეეწირა მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ლაშა ჯაიანის თანამდებობა.  

წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროექტი ზუგდიდში 2021 წელს უნდა დასრულდეს. ზუგდიდელები შიშობენ, რომ კიდევ სამი წელი მოუწესრიგებელ გზებზე მოუწევთ მოძრაობა.

ავტორი: ემა გოგოხია.

დღის ამბები