ათასობით სახელმწიფო მანქანა ახალი წლიდან შესაძლოა, დაზღვევის გარეშე დარჩეს. ყველა ტენდერი ჩაიშალა. არც ერთ სადაზღვევო კომპანიას შესყიდვების მიერ გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერებში მონაწილეობა არ მიუღია.
სადაზღვევო კომპანიები უარს ამბობენ შეთავაზებაზე, რომელიც სახელმწიფოს მანქანების ახალი, აქამდე უპრეცედენტო პირობებით დაზღვევას ითვალისწინებს. სააგენტო პატრულის და სახელმწიფო მოხელის ავტომანქანის ერთნაირი პირობებით დაზღვევას ითხოვს, რაც სადაზღვევო კომპანიებისთვის მიუღებელია.
ხელშეკრულების მე-5 პუნქტში წერია, რომ თუ სახელმწიფო ავტომობილის მძღოლი საჭესთან ნასვამი, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული მედიკამენტის ზემოქმედების ქვეშ იჯდება და ავტოსაგზაო შემთხვევაში მოჰყვება, ზიანი სადაზღვევო კომპანიამ უნდა აანაზღაუროს. ამავე ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო მანქანის მძღოლი არ არის ვალდებული, ავარიის შემთხვევაში პატრული გამოიძახოს.
სატრანსპორტო სფეროს სპეციალისტები შესყიდვების სააგენტოს მიერ დადგენილ პირობებში საგანგაშო ტენდენციას ხედავენ. რატომ არ უნდა შეატყობინოს ათასობით მანქანის მძღოლმა შსს-ს ავტოავარიის შესახებ, ან რატომ არ უნდა დადგინდეს, იყო თუ არა მძღოლი ნარკოტიკების ან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, გაურკვეველია.
საქართველოს ტრანსპორტის და გზების ასოციაციის თავმჯდომარე, დავით მესხიშვილი, დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება ამ ფორმით დანაშაულს, საბოლოოდ კი ბიუჯეტის ფულის ფლანგვას ახალისებს.
სადაზღვევო კომპანიებს ხელისუფლება ავალდებულებს, ზიანი აანაზღაუროს იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი წესებს არღვევს.
სადაზღვევო კომპანიების ნაწილისთვის ასევე მიუღებელია ისეთი ვალდებულებები, რაც აქამდე მათთვის უცნობი იყო, მაგალითად, პროფილაქტიკაში შეკეთებული ავტომობილის მომსახურების კონტროლი.
„კურიერის“ ინფორმაციით, სპეცმანქანების დაზღვევის პაკეტის ზრდას კომპანიები, მინიმუმ, 30 პროცენტით ითხოვენ.
საპატრულო პოლიციის, სასწრაფო, სახანძრო და ოპერატიული მანქანებისთვის კანონის ფარგლებში გამონაკლისების დაშვებას და ზიანის ანაზღაურებას „ჰაბ ჯორჯიაში“ ნორმალურ პროცესად მიიჩნევენ. იმ ვერსიას კი, რაც ხელშეკრულებაშია მოცემული, ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმის ხელმძღვანელი, ვასო ურუშაძე კანონთან შეუსაბამო პრივილეგიების კვალიფიკაციას აძლევენ.