რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის საფასური 50 თეთრით გაძვირდა. დღეს 1 ლარის და 50 თეთრის ნაცვლად, მგზავრებს 2 ლარის გადახდა მოუწიათ.
სამარშუტო ტაქსების მძღოლები ამბობენ, რომ საწვავი გაძვირდა და ფასის მატებაც ამან გამოიწვია. მათი თქმით, გაძვირებულია ასევე მანქანის ნაწილები და მოსახლეობის მიერ გადახდილი თანხით ვერ უზრუნველყოფენ ტრანსპორტის გამართვას.
მძღოლების გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რუსთავის მერიასთან გამართული აქცია. მძღოლები რამდენიმე დღის წინ ითხოვდნენ მუნიციპალიტეტის მხრიდან გამოხმაურებას, თუმცა, ამ აქციას რეაგიერბა არ მოჰყვა.
„საწვავი გაძვირდა, ყველაფერი გაძვირდა, ვერაფერი მიგვაქვს სახლში, რისთვის ვმუშაობთ,“ - ამბობს ერთ-ერთი მძღოლი.
მოსახლეობა მგზავრობის ფასის ზრდას აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ 50 თეთრით მატება ძლიან ძვირია. ადგილობრივების თქმით, ეს მათ ფინანსებზე ძალიან ცუდად აისახება.
„რუსთავი-თბილისზე მუშაობს ხალხი და გაუჭირდებათ, ეს აისახება ყველა ოჯახზე და ცუდია, არ მოგვწონს,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
მგზავრობაზე ფასის ზრდა ასევე მიუღებელია სტუდენტებისთვის, რომლებიც თითქმის ყოველდღე დადიან რუსთავიდან თბილისში.
რუსთავის მერიაში კი აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება მძღოლებმა თვითნებურად მიიღეს და არ გამორიცხავენ, რომ მძღოლებს სანქციები დაეკისროთ.