არჩევანის გაკეთება წამლებსა და საჭმელს შორის საახალწლო სუფრის გამზადებამდე ბევრ ოჯახს უწევს. ბაზრები დახლებზე გამოტანილი პროდუქტებით ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის საგამოფენო სივრცეს ჰგავს.
ბოლო ორი დღეა, ბაზარში მისული მოსახლეობა მხოლოდ ათვალიერებს, ყიდვას კი ხშირ შემთხვევაში, ვერ ახერხებს.
ახალი წლის სუფრის მთავარი ნუგბარის მოსამზადებელი პროდუქტები - თაფლი და ნიგოზი, ბაზარში უამრავია, მაგრამ მრავალფეროვნებაა ფასებშიც - ქართული რაჭული ნიგოზი, დაახლოებით, 28 ლარი ღირს, უკრაინულს 20 ლარადაც ყიდიან. თუმცა, გამყიდველები ჩივიან, რომ ხალხი ვერც ტრადიციული ტკბილეულის ყიდვას ახერხებს.
მოვაჭრეები, რომლებიც ბაზარში მთელი წლის განმავლობაში დგანან, მყიდველების ნაკლებობას უჩივიან.
სოფლიდან ჩამოსული გლეხები, რომლებიც საკუთარ პროდუქტს ყიდიან, ამბობენ, რომ წელს შარშანდელთან შედარებით კიდევ უფრო იაფი ფასები აქვთ, თუმცა, მყიდველი მაინც არ არის.
ახალ წლამდე ორი დღე რჩება, ბაზრებში მყიდველებს დღეს და ხვალაც ელოდებიან, თუმცა, რაც უფრო ახლოვდება დღესასწაული, ფასები მით უფრო იზრდება.