17 ნოემბერი 2024,   03:36
ვრცლად
ოჯახები, რომლებიც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ და ახალ წელს არ ელოდებიან

მოსახლეობის ნაწილი უკიდურეს გაჭირვებაშია. კურიერმა იმ ოჯახების ყოველდღიური ცხოვრება გადაიღო, რომლებიც სიღარიბის გამო, ახალ წელს არ ელოდებიან. ბავშვების თქმით, მათი მთავარი ოცნება არა თოვლის ბაბუის მოტანილი საჩუქრები, არამედ კამფეტებია.

ლურსმანაშვილების ოჯახი, რომელსაც სოციალური დახმარება რამდენიმე თვის წინ მოუხსნეს, უკიდურეს გაჭირვებაში გორის გარეუბანში ნაქირავებ სახლში ცხოვრობს. ოჯახში, სადაც 7 ბავშვი ცხოვრობს, აქედან 5 მცირეწლოვანია, არც ნაძვის ხე დგას, არც გოზინაყი იქნება და არც საჩუქრები. იმედი აქვთ, რომ საზეიმო განწყობას მათ საახალწლო სუფრაზე ლობიო შექმნის.

„არც მინდა, ახალი წელი მოვიდეს, რადგან ჩემი შვილები ახალ წელს ვერ შეხვდებიან,“ - განუცხადა კურიერს მაია ლურსმანაშვილმა.

უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში გოჩა ჯანგავაძის ოჯახიც, სადაც 6 ბავშვია. მათ ძირითადად მეზობლები ეხმარებიან.  

„მინდა, რომ საკუთარი სახლი იყოს, ნაძვის ხეც მინდა, რომ მქონდეს საახალწლოდ,“ - ასეთი სურვილი აქვს 13 წლის მინდიას, რომელიც ძმასთან და დედასთან ერთად გრიგოლეთში კავშირგაბმულობის ყოფილ შენობაში ცხოვრობს. ოჯახს შემოსავალი მხოლოდ სოციალური დახმარება - 260 ლარი აქვს, რომელიც ყოველდღიურ საკვებს არ ჰყოფნის.

66 წლის ნათელა ბასილაშვილი თელავში ცხოვრობს. ახალ წელს სანთლის შუქზე, სიცივეში შეხვდება. დენი უკვე ერთი წელია, არა აქვს, დავალინება დაუგროვდა და რესტრუქტურიზაციაზე უარი უთხრეს. გაზი უსახსრობის გამო ვერც შეიყვანა. მაშინ, როცა შეშის მოგროვებასაც ვერ ახერხებს, საწოლში წევს. სოციალურ დახმარებს 2 წელია, ვერ იღებს, რადგან ამბობს, რომ პირადობის მოწმობა აღარ აქვს. 

 

 

ავტორები: იზო ჩუბინიძე, ედიშერ მუშკუდიანი, ია გულიაშვილი, სოფო ჭულუხაძე.

 

 

დღის ამბები