ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი 20 წლის ხაჩატურ მანკასარიანი ამ დრომდე რუსთავის ცენტრალურ კლინიკაში რჩება. სასჯელაღსრულების სამსახურის წვევამდელს უმძიმესი ოპერაცია ჩაუტარდა და მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს. მანკასარიანს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული.
„შემოიყვანა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ 20 წლის მამაკაცი, რომელსაც აღენიშნებოდა ტრავმოგემორაგიული შოკი, ცეცხლსასროლი ჭრილობა მუცლის ღრუში შემავალი. ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა, საკმაოდ რთული. აღმოჩნდა ცეცხლსასროლი გამჭოლი ჭრილობა მუცლის ღრუში, ნაწლავებისა და ორგანოების დაზიანებით. ჩაუტარდა შესაბამისი ოპერაციული მკურნალობა. სავარაუდოდ დასჭირდება რეკონსტრუქციული ოპერაცია ნაწლავის ნაწილის ამოკვეთა მოხდა. ამ ეტაპზე იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში სტაბილურ მდგომარეობაში,“-განაცხადა რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ.
შემთხვევა გუშინ, სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულებაში მოხდა, როდესაც წვევამდელი გარე პერიმეტრზე მორიგეობდა. მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, ჯერჯერობით დაუდგენელია მომხდარის მიზეზი - სუიციდის მცდელობა, თუ გაუფრთხილებლობა.