ქუთაისში, ახლად რეაბილიტირებულ თეთრ ხიდზე დაგებული პანორამული მინა გაიბზარა. მიზეზი უცნობია. როგორც მერიაში აცხადებენ, სამართალდამცველებთან ერთად შეისწავლიან სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს, რის შემდეგაც გაირკვევა, წინასწარ განზრახვით მოხდა ისტორიული ხიდის დაზიანება, თუ შემთხვევა უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს უკავშირდება.
მერიის განმარტებით, სამუშაოების შემსრულებელი კომპანიისთვის ჯერაც გადასარიცხია 400 000 ლარი, თუმცა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, მუნიციპალიტეტი არათუ ამ თანხის გადარიცხვას აღარ აპირებს, არამედ სასამართლოს გზით ცდილობს უკვე გადარიცხული თანხებიდან 200 000 ლარის უკან დაბრუნებას.
თეთრ ხიდზე არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად კი ახალი ტენდერი მომავალ წელს გამოცხადდება.
„თეთრ ხიდთან დაკავშირებით ჩვენ მათ შევუწყვიტეთ ხელშეკრულება. საქმე უკვე არის სასამართლოში. გვაქვს მათთვის დაწერილი ჯარიმები, ასევე დავუკავეთ თანხა და ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში. ყველა იმ კომპანიას, რომელიც არაკეთილსინდისიერად შეასრულებს საქმეს, ჩვენ მოვექცევით ადეკვატურად. სამხარაულის ექსპერტიზა დაადგენს რა ხარვეზებია, შემდეგ ხარვეზებზე გამოცხადდება ტენდერი და ეს ხარვეზები გამოსწორდება,“ - განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.