გაზრდილი ფასები, გაუფასურებული ლარი და შემცირებული ეკონომიკური აქტივობა - ეს ყველაფერი ყველაზე მძიმედ მოსახლეობის ყველაზე ღარიბ ფენას დააწვა. ოჯახები, სადაც ახალ წელს არ ელოდებიან და რომელთა არსებობაც ხელისუფლებას მხოლოდ არჩევნების დროს ახსენდება ხოლმე.
82 წლის შურა სულაქველიძე ლანჩხუთის რაიონის სოფელი ზემოხვითში ცხოვრობს, სოფლის ცენტრალური გზიდან მის სახლამდე ორი კილომეტრი აღმართზე უნდა აიაროს. საცხოვრებელი სახლი იმდენად დაზიანებულია, რომ ნელ-ნელა იშლება. სახლში მაცივარი დიდი ხანია უფუნქციოდ დარჩა. ახალ წლის განწყობა არა აქვს, შემოსავალი წამალზე არ ჰყოფნის. მოხუცი მარტო ცხოვრობს.
დანელიების ოჯახი ბათუმში, მიუსაფართა თავშესაფარში ცხოვრობს. ოჯახი სოციალური დახმარებით ცხოვრობს. უჭირთ, მაგრამ მთავარი სურვილი მაინც შეზღუდული შესაძლებლობების ლუკას უკავშირდება.
სოფელ ზემოხვითში ცხოვრობს კიდევ ერთი გაჭირვებული ოჯახი. გიას საახალწლო სურვილი ველოსიპედია. იცის, რომ შესაძლოა ახალ წელს ეს სურვილი ვერ აუხდეს. ოჯახში მხოლოდ მამა მუშაობს, 3 ბავშვს ბებია უკიდურეს გაჭირვებაში ზრდის.
ავტორი: ლადო მენაბდე, თეა ვაშალომიძე.