2018 წლის ბოლო დღე - პოლიტიკოსები ქვეყანაში არსებულ ვითარებას და განვითარებულ მოვლენებს აფასებენ.
მმართველ გუნდში მთავარ მიღწევებზე საუბრობენ და ყურადღებას ახალ კონსტიტუციაზე აკეთებენ. მნიშვნელოვან მოვლენად სახელდება რეგიონში პირველი ქალი პრეზიდენტის არჩევაც. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ საარჩევნო პერიოდი მძიმე იყო, თუმცა სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვან წინსვლას მოუტანს.
" ქართული ოცნება" აცხადებს, რომ წელს გატარებული რეფორმებით ქვეყანა ევროპას კიდევ უფრო დაუახლოვდა.
„მე გამოვყოფდი მაგალითად კონსტიტუციის ამოქმედებას, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში არის ძალიან კარგი და გამორიცხავს ავტოკრატიას და ბევრი ისეთი მუხლია, რომელიც მოწონებულია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ და დინამიკაში, დროში ძალიან კარგად იმუშავებს და ამას კიდევ უფრო მიხვდება საზოგადოება და გაიგებს, უფრო სწორად საზოგადოება, დროთა განმავლობაში. პირველი ქალი პრეზიდენტი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, მხოლოდ ძალიან მძიმე იყო საარჩევნო კამპანია, მაგრამ შედეგს, ამასაც დროთა განმავლობაში ვნახავთ, რომ იქნება ძალიან შედეგიანი“- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია „ ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.
მმართველი გუნდისგან განსხვავებით 2018 წლის შეფასებისას ნეგატიურია ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" თავი საზოგადოებას გასულ წელს ძალადობით და ინსტიტუტების მოშლით დაამახსოვრა.
„იმაზე მძიმე წელი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნისთვის, ვიდრე ეს იყო გასული წლები. აბსოლუტურად მოშლილი არის სახელმწიფო ინსტიტუტები, ქვეყანაში არის უკიდურესად მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა. ჩვენ ვხედავთ, რომ მდიდრდებიან და ფეშენებელურ სახლებს იშენებენ მხოლოდ „ ქართული ოცნების „ მაღალჩინოსნები“ - ამბობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ზალიკო უდუმაშვილი.
სოციალურ-ეკონომიკურ სირთულეებზე საუბრობენ "ევროპული საქართველოს წევრები.
„მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის დღეს ცხოვრება არის რთული, ყველაფერი გაძვირდა, არ გაზრდილა შემოსავლები, არ გაჩნდა სამუშაო ადგილები. ამის შედეგად ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ეს იყო ეკონომიკურად რთული წელი,“ - აცხადებს ბაქრაძე.