რესპუბლიკის მოედანზე მთავარ ნაძვის ხესთან საახალწლო გალა კონცერტის ბოლო რეპეტიცია ცოტა ხნის წინ დასრულდა. კონცერტი 23:00 საათზე დაიწყება. გალა კონცერტამდე კი საახალწლო სოფლის სივრცე სხვადასხვა სახის აქტივობებს დაეთმობა. ყველას ვისაც სურვილი აქვს, რომ ახალ, 2019 წელს გარეთ შეხვდეს, წინ რამდენიმესაათიანი დაუვიწყარი ღონისძიება ელოდება.
ქართველ შემსრულებლებთან ერთად კი ქუჩაში გამოსულ მოქალაქეებს მთავარ ნაძვის ხესთან საახალწლო სოფელიც დახვდებათ.
საახალწლო კონცერტზე 200 შემსრულებელი იმღერებს და შეასრულებენ მრავალფეროვან რეპერტუარს.
თბილისის მერის მოადგილის, სოფო ხუნწარია ამბობს, რომ მთავარ ნაძვის ხესთან მისულ მოსახლეობას საინტერესო პროგრამა ელით, რადგან გალა კონცერტის სცენა სამი სივრცისგან შედგება.
„წელს გვაქვს საინტერესო კონცეფცია, სამი სივრცისგან შედგება გალა კონცერტის სცენა. ერთ სცენაზე იდგებიან შოუბიზნესის წარმომადგენლები და შეასრულებენ ყველა დროის ყველაზე საყვარელ სიმღერებს. მეორე სცენა დაეთმობათ მათ, ვინც მღერის საშობაო სიმღერებს და მესამე სცენაზე განთავსდება ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით. ისინი შეასრულებენ ქართული კინო-მუსიკის შედევრებს,“ - ამბობს ხუნწარია.