მოსამართლეებისა და პოლიტიკოსების დაპირისპირებას სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძე ეხმაურება. მურუსიძე ერთ-ერთი იმ მოსამართლეებს შორის, რომელიც მმართველი პარტიის დეპუტატების ერთი ნაწილისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
მურუსიძე რამდენიმე დღის წინ იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლედ დაინიშნა, რაც კიდევ ერთი საჯარო ბრალდებების მიზეზი გახდა.
მურუსიძის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ცილისმწამებლური ბრალდებების პირობებში არ აპირებს უქმად იჯდეს. მურუსიძე დისკუსიაში იწვევს, როგორც პოლიტიკოსებს, ასევე მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს.
„მსურს საგნობრივი დისკუსია გავმართო არასამთავრობო სექტორთან, დარგობრივ ექსპერტებთან და სწავლულ იურისტებთან. იმედია, ამ შეხვედრის ორგანიზება მესამე სექტორს არ გაუჭირდება; ცალკე ფორმატით, ერთხელ ან რამდენჯერმე მსურს შევხვდე კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს და ვუპასუხო მათ ნებისმიერ კითხვას; სურვილი მაქვს, აგრეთვე, შევხვდე საქართველოს პარლამენტის უკლებლივ ყველა ფრაქციას და პირადად გავმართო მასთან დისკუსია.
იმედს გამოვთქვამ, უახლოეს პერიოდში მოხერხდება ამ შეხვედრების და დისკუსიების ორგანიზება და საზოგადოებას მიეცემა შესაძლებლობა რეალურ ფაქტებსა და რაციონალურ არგუმენტებზე დაყრდნობით გამოიტანოს დასკვნები, ანუ გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი და არ დარჩეს სხვის მიერ უხეშად მოდელირებული რეალობისა და ხელოვნურად შექმნილი განწყობების ამარა“, - ნათქვამია ლევან მურუსიძის განცხადებაში.