17 ნოემბერი 2024,   05:41
ვრცლად
გრანდიოზული ფოიერვერკი და კონცერტი-2019 წელი მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანამ უკვე აღნიშნა

ახალი წლის დადგომამდე სამი საათი რჩება. მანამდე კი მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანამ 2019 წლის შემოსვლა უკვე იზეიმა.

ერთი საათის წინ ახალ წელს შეეგება ჩინეთის, ტაივანისა და აზიის 10-ზე მეტი ქვეყნის მოსახლეობა. ჰონგ-კონგში გრანდიოზული შოუ, ტრადიციულად, ვიქტორიას ნავსადგურში მოეწყო. სანაპიროზე შეკრებილი ათასობით ადამიანი მასშტაბურ ფოიერვერკს თვალს 10 წუთზე მეტხანს ადევნებდა. ტაიპეიში კი პიროტექნიკა მსოფლიოს ერთ-ერთი უმაღლესი ცათამბჯენიდან, 509 მეტრის სიმაღლის ტაუერიდან გაუშვეს.

მასშტაბური კონცერტითა და ფოიერვერკებით შეხვდნენ 2019 წლის დადგომას ჩრდილოეთ კორეაში. საზეიმო ღონისძიებების ეპიცენტრი ფხენიანში, მდინარე ტედონგანის სანაპირო იყო, რომელიც დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილს ორად ჰყოფს. ათასობით ადამიანმა 2018 წლის უკანასკნელი წამები ერთად აითვალა, რის შემდეგაც ფოიერვერკების შოუ მოეწყო. საზეიმო კონცერტს ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზია პირდაპირ ეთერში გადასცემდა.

ჯადოსნური შოუ მოეწყო ავსტრალიაშიც. სიდნეი ისტორიის განმავლობაში დღესასწაულს ყველაზე მასშტაბური და გამორჩეული სანახაობით შეხვდა. ქალაქის ნავსადგურიდან, მათ შორის "ჰარბორ ბრიჯიდან" და ოპერის სახლიდან 8 ნახევარი ტონა ფოიერვერკი გაუშვეს. სიდნეის ცა 12 წუთის განმავლობაში პიროტექნიკის 100 ათასამდე ეფექტმა გაანათა. ქალაქის ისტორიულ ცენტრში გრანდიოზული შოუს სანახავად მილიონზე მეტი ადამიანი იყო შეკრებილი. ცერემონია წელს სოულის დედოფლის, არეტა ფრანკლინის ხსოვნას მიეძღვნა და საგანგებოდ ამ მიზნით ორგანიზატორებმა შოუს ოქროსფერი, ვერცხლისფერი და იასამნისფერი ეფექტები დაუმატეს.

ფოიერვერკების შოუთი შეეგება 2019 წელს ახალი ზელანდიაც. 500 კილოგრამი პიროტექნიკა, ტრადიციულად, 328 მეტრის სიმაღლის "სქაი ტაუერიდან" გაუშვეს. წელს პირველად ლაზერ შოუ მოუწყო ოკლენდის ხიდზეც, რაც ყოველწლიურ ცერემონიას დაემატება. ახალ ზელანდიამდე ერთი საათით ადრე კი პირველები მსოფლიოში ახალ წელს სამოასა და კირიბატის კუნძულების მოსახლეობა შეხვდა. 

დღის ამბები