17 ნოემბერი 2024,   07:40
ვრცლად
სასტიკი მკვლელობა გორში - ბრალდებული ქალი, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია

გორში, 72 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროშიც ადასტურებენ. უწყების ცნობით, ბრალდებული პირველი ბრიგადის, მატერიალური ტექნიკურ აღმრიცხველის პოზიციაზე 2008 წლიდან მუშაობდა. თუმცა ის სამსახურიდან შემცირების გამო 2017 წელს გაათავისუფლეს და გავრცელებული ინფორმაციით, ის უმუშევარი იყო.

შემზარავი მკვლელობის საქმის მასალებით ირკვევა, რომ თამარ კობერიძე მოკლული ლილი კევლიშვილის ბინაში ქირით ცხოვრობდა. გამოძიების ცნობით, მან 72 წლის ქალს მძიმე დაზიანებები მიაყენა, მოტივი კი  ძარცვაა. 

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა თამარ კობერიძემ 72 წლის ქალს ბოთლი ჩაარტყა, გაიტაცა მისი დანაზოგი, ოქროს ნივთები  და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.  

ადვოკატი, გიგა ჯეირანაშვილი ამბობს, რომ ბრალდებული თამარ კობერიძე დუმილის უფლებას იყენებს და წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.

„წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს გამოყენებული აქვს დუმილის უფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრალდებას არ ეთანხმება და არ სურს რაიმე დეტალებზე საუბარი. არსებობს გარკვეული სახის მტკიცებულებები, რომელიც ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ეს მტკიცებულებები საკმარისი იყო იმისთვის, რომ სასამართლოს ემსჯელა აღკვეთის ღონისძიების გამო,“ - აცხადებს ადვოკატი.

დღის ამბები