17 ნოემბერი 2024,   07:22
ვრცლად
სიგარეტი ახალი წლის შემდეგ გაძვირდა

სიგარეტი ახალი წლის შემდეგ გაძვირდა. თამბაქოს აქციზის ფასი 10-დან 30 პროცენტამდე გაიზრდა, რამაც სიგარეტის გაძვირება გამოიწვია.

თამბაქოს ფასმა 50-დან 80 თეთრამდე უკვე მოიმატა, თუმცა, იმპორტიორები ფასის კიდევ უფრო მეტ ზრდას აანონსებენ.

ექსპერტები მოსალოდნელ რისკებზე საუბრობენ და ვარაუდობენ, რომ ფასის მატება მწეველთა რაოდენობას არ შეამცირებს და თამბაქოს ნაწარმის შავ ბაზარზე მოხვედრას ხელს შეუწყობს.

ეკონომისტები ამბობენ, რომ ფასის ზრდით კიდევ მეტად გაიზრდება ბიუჯეტი და მოსახლეობის დანახარჯი. 

„სიგარეტი მიეკუთვნება ისეთ პროდუქტებს, რომლებზეც, ფასის ზრდასთან ერთად, მომხმარებელი მკვეთრად არ მცირდება. ეს ნიშნავს იმას, რომ ფასი თუ გაიზრდება, მკვეთრად არ შემცირდება მწეველების რაოდენობა. მეტიც, ძალიან მცირედით შემცირდება. მეორე, მომხმარებელი მავნე პროდუქტიდან გადაერთვება კიდევ უფრო მავნეზე, ნაკლებ ღირებულ, ნაკლებ ფასიან სიგარეტზე. რაც შეეხება მიზეზს, მიზეზი არის კვლავაც იგივე, ეს არის ის, რომ მეტი ფული შევიდეს სახელმწიფო ბიუჯეტში და მიზეზია ის, რომ მომხმარებელმა კიდევ მეტი გადაუხადოს მთავრობას თავისი ჯიბიდან,“ - განაცხადა ეკონომისტმა, ზვიად ხორგუაშვილმა.

თამბაქოს ინდუსტრიაში აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილებით გაიზრდება თამბაქოს არალეგალური, ე.წ. შავი ბაზრიდან შემოტანის ფაქტები, მათ შორის, აფხაზეთიდან და სომხეთიდან.

ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად მწეველთა რაოდენობა არ შემცირდა, თუმცა, შემცირდა მოხმარებული ღერების რაოდენობა. 

დღის ამბები