რისკჯგუფში მყოფი ადამიანები პრეპარატ „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებენ. მათ პრეპარატის ასაღებად უნდა მიმართონ ნებისმიერი მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ცენტრს,წარადგინონ ჯანმრთელობის ცნობა ფორმა N 100-ის, რის შემდეგაც შეძლებენ პრეპარატის მიღებას.
თბილისის გადამდებ დაავადებათა კონტროლის ზედამხედველობის მუნიციპალური ცენტრის დირექტორი ციცო დიდებაშვილი ამბობს, რომ მოხუცებს, ორსულებს, ბავშვებს და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას პრეპარატი უფასოდ გადაეცემათ.
„არსებობს სპეციფიკური მკურნალობის მეთოდი, ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ისევე, როგორც მრავალი სხვა ქვეყნისთვის, ეს გახლავთ ანტივირუსული პრეპარატი „ტამიფლუ“. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს, თბილისის შემთხვევაში, თბილისის გადამდებ დაავადებათა ზედამხედველობის და კონტროლის მუნიციპალურ ცენტრს დაევალა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან გადმოცემული ტამიფლუს განაწილება რისკის კონტიგენტისთვის და ესენი გახლავთ ორსულები, ბავშვები, პენსიონერები, ქრონიკული დაავადებით მოავადე პირები, ონკოპაციენტები, დიაბეტით დაავადებულები, გულ-სისხლძარღვთა სისტემით დაავადებულები, სასუნთქი სისტემით მიმდინარე დაავადებები, ასევე, სოციალურად დაუცველი პირები,“ - განაცხადა ციცო დიდებაშვილმა.
ჯანდაცვის სამინისტრო კი საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძოს. პირველადი ჯანდაცვის ხუთი დაწესებულება 10:00 საათიდან 22:00 საათამდე იმუშავებს, 8 იანვრიდან კი კლინიკები 24-საათიან რეჟიმში გადავლენ.
ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს აფრთხილებს, მაღალი სიცხისა და გრიპის სიმპტომების აღმოჩენისთანავე დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს.
ავტორი: ნინო გაზდელიანი