ტრადიციული საშობაო მსვლელობა ამ წუთებში სამების საკათედრო ტაძრისკენ მიემართება. ალილოს მონაწილეები დედაქალაქის ქუჩებში სხვადასხვა შემოწირულობებს აგროვებენ, რომლებსაც მსვლელობის დასრულების შემდეგ მსჯავრდებულებს, სოციალურად დაუცველებს, ბავშვთა და მიუსაფართა სახლებს გადაუნაწილებენ. ალილოს მონაწილეებს შობის დღესასწაული უკვე მიულოცეს მერიის თანამშრომლებმა.
ვიცე-მერმა შობის მახარობლებს ტკბილეული გადასცა.
„მერიის სახელით მინდა თითოეულ მოქალაქეს ვუსურვო ყოველივე საუკეთესო. მინდა რომ დღევანდელი დღის მადლი ფარავდეს თითოეულ ქართველს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს და ვიმედოვნებ რომ ეს წელიწადი იქნება სიკეთის მომტანი,“-განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
პარლამენტის შენობასთან ალილოს მონაწილეებს ირაკლი კობახიძე დახვდა. პარლამენტის თავმჯდომარემ შობის მახარობლებს საახალწლო ნობათი გადასცა და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიულოცა შობა-ახალი წელი.
„ყველას ვულოცავ დღევანდელ დღეს, შობის დღესასწაულს. განსაკუთრებით ბავშვებს ვულოცავ დღევანდელ დღეს . ასევე კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ ახალი წელი და მინდა, რომ ეს წელი იყოს ყველასთვის ბედნიერების, სიხარულის წელი,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ალილოს მონაწილეებს შობის დღესასწაული მიულოცა პრეზიდენტმაც და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტო გადაიღო.
ალილოს მონაწილეებმა გზის დიდი ნაწილი უკვე გაიარეს. ამ წუთებში შობის მახარობლები ბარათაშვილის ხიდზე იმყოფებიან.