17 ნოემბერი 2024,   07:26
ვრცლად
5 სამედიცინო დაწესებულება საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - ამოქმედდა ცხელი ხაზი 

5 სამედიცინო დაწესებულება დღეიდან საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ვირუსის გავრცელების გამო, ხვალიდან უკვე საავადმყოფოები 24-საათიან რეჟიმში იმუშავებენ.

სამედიცინო დაწესებულებები ასევე უპასუხებენ სატელეფონო ზარებს, რადგან 112-დან ზარებს მათთანაც ამისამართებენ. 

კლინიკა „მედკაპიტალის“ სამგორის ექიმი, მარინა მალაღურაძე ამბობს, რომ დღის განმავლობაში გამოძახებების დიდ ოდენობა დაფიქსირდა.

„24 საათის განმავლობაში იქნება. მორიგეობა მოგვიწევს ღამის საათებშიც, პასუხი მოგვიწევს სასწრაფოს მიერ გადმოცემულ ზარებზე, ალბათ, გავესაუბრებით ყველა პაციენტს. ჩვენ არ გვაქვს ის ფუნქცია, რომ მოვემსახუროთ და წავიდეთ, მანქანები არ გვემსახურება, სამწუხაროდ, ამიტომ, ამბულატორიულად, თუკი იქნება 24 საათის განმავლობაში, თუნდაც ღამის საათებშიც კი მივიღებთ ყველა პაციენტს და გავუწევთ კონსულტაციას, მივცემთ დანიშნულებას, რასაკვირველია, თუ ავადმყოფი სასტაციონარე იქნება, გავუშვებთ სტაციონარში,“ - განაცხადა მარინა მალაღურაძემ.

საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრის სამედიცინო დირექტორის, ბექა იოსელიანის თქმით, მიმართვიანობა გაზრდილია.

„პაციენტების ინფორმირებულობასთან ერთად იზრდება მათი მომართვიანობა. პაციენტებმა შეიტყვეს, რომ გრიპის მაგვარი სიმპტომების დროს ნაკლებად უნდა მიმართონ სასწრაფოს და უნდა მიმართონ პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს, საკუთარ ოჯახის ექიმებს,“ - განაცხადა ბექა იოსელიანმა.

ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს აფრთხილებს, მაღალი სიცხისა და გრიპის სიმპტომების აღმოჩენისთანავე დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

დღის ამბები