ალილოს მსვლელობა რეგიონებშიც იმართება. შობის მახარობლები თითქმის ყველა დიდ ქალაქში ქუჩებში დადიან და მოსახლეობას ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავენ. ალილოს მსვლელობა იმართება გურჯაანში, ბათუმში. ქუთაისში შობის მახარობლების მსვლელობა მერიის შენობიდან დაიწყო. შობის მახარობლები ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ დალოცა.
ანსამბლ ,,ნაი-ნაის" წევრები „ალილოს“ სიმღერით და ურმებით, რომელზეც ნობათი გროვდება ქალაქის ქუჩებში გადაადგილდებიან.მსვლელობას ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეუერთდნენ.
შობის მახარობლების მიერ მოგროვილი ნობათი, „წყალწითელას“ მოხუცთა პანსიონატს და სხვადასხვა ცენტრებს გადაეცემათ.
ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით მსვლელობა მოეწყო გურჯაანშიც. ალილოს მახარობლები გურჯაანის სამების ტაძრიდან დაიძრნენ და ქალაქის ცენტრალური ქუჩები მოიარეს.
შეგროვილ ნობათს სასულიერო პირები გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას გაუნაწილებენ.
სანახაობა თეატრალიზებული იყო. დეკორაციების გამოყენებით, კოსტიუმირებული და სანახაობრივი, რომელიც მიმსგავსებულია მაცხოვრის შობის ღამესთან.
ალილოს მსვლელობა მოეწყო ბათუმშიც. შობის მახარობლებმა გალობით ქალაქის ქუჩები მოიარეს, მოსახლეობას შობა მიულოცეს და ტკბილეულიც მოაგროვეს. მსვლელობა ღვთისშობლის შობის ტაძრიდან დაწყო და ტადიციულად იუნკერების საფლავთან დასრულდა. ალილოზე შეგროვებული საჩუქრები და ტკბილეული კი მოხუცებულთა და ბავშვთა სახლებს გადაეცემათ.
ალილო გაიმართა გორშიც. ქრისტეშობის მახარობელთა მსვლელობას ატენისა და გორის ეპარქიის წინამძღოლი მიუძღვოდა. მეუფე ანდრიამ მომლოცველებთან ერთად შემოიარა და აკურთხა ქალაქის ქუჩები. მსვლელობას მოგვიანებით დეპუტატი გია ვოლსკიც შეუერთდა. შემოწირული ტკბილეულით კი საღამოს ბავშვთა სახლებსა და შეჭირვებული ოჯახებს დაურიგდება.