მეგაშოუ "მხოლოდ ქართულის" გუშინდელი კონცერტი სიურპრიზებით სავსე აღმოჩნდა. ტურის აუტისაიდერი ნუცა თოფურია გახდა, რომელმაც მაყურებლის ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო, თუმცა რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა არხის ვეტო გამოიყენა და ის პროექტში დატოვა.
ლაივ კონცერტის ლიდერი კვლავ გიორგი კელაპტრიშვილი აღმოჩნდა. კონკურსანტმა ინოლა გურგულიას „უშენოდ“ შეასრულა და მხურვალე აპლოდისმენტებიც დაიმსახურა.
გუშინდელ მუსიკალურ მარათონში მაყურებლის ფავორიტები ნოდარიკო ხუციშვილი და გუგა მარგველაშვილი გახდნენ. რეიტინგების ტაბლოს პირველ სამეულში ისინი გიორგი კელაპტრიშვილთან ერთად აღმოჩნდნენ.
„მხოლოდ ქართულის“ გუშინდელ კონცერტზე კონკურსანტებმა ქალი კომპოზიტორების სიმღერები საკუთარი ინტერპრეტაციით შეასრულეს. ტურის მუსიკალური ხელმძღვანელი თამრიკო ჭოხონელიძე იყო. შოუს ცნობილ ჟიურის წევრებთან ერთად კონკურსანტებს ბუბა კიკაბიძეც აფასებდა. გუშინდელი კონცერტი სწორედ ბუბა კიკაბიძესთან შესრულებული სიმღერით გაიხსნა.
ყველაზე ეროვნული პროექტი ფინალურ დასასრულს უახლოვდება. მომდევნო ორშაბათს ნახევარფინალია. ფინალში კი მხოლოდ ,,ქართული სიმღერით” გამარჯვებისთვის ოთხი კონკურსანტი იბრძოლებს.