ოდიოზური მოსამართლეების სიას მმართველი გუნდი იუსტიციის საბჭოს უკან არ დაუბრუნებს. თავის მხრივ, არც იუსტიციის საბჭო გეგმავს სკანდალური კანდიდატების უკან გაწვევას. როგორც უმრავლესობის განცხადებებიდან ჩანს, პარლამენტს მაინც მოუწევს ამ კანდიდატებზე მსჯელობა, რაც მიუღებელია არასამთავრობო სექტორისთვის.
”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” წარმომადგენელი გიორგი გვილავა ამბობს, რომ ახლა თავად მმართველი გუნდი უნდა ჩამოყალიბდეს უღირს თუ არა ამხელა საფასურის გადახდა, რა აჟიოტაჟიც ამ სიას მოჰყვა.
„პროცესი იმდენად ცუდად არის ჩატარებული, რომ არანაირი ნდობა არ არსებობს ამ პროცესის მიმართ. ეს იყო ძალიან დაჩქარებული წესით, სპეციალურად წინასაახალწლო პერიოდში ჩუმად შექმნილი სია და შემდეგ ნაჩქარევად წარდგენილი პარლამენტში და მერე რა მოჰყვა ამ პროცედურას ყველამ იცის. თავად „ოცნება“ უნდა ჩამოყალიბდეს რა უნდა და რატომ უღირს ამხელა ამბის ატეხვად აი ამ ათ კაციანი სიის დამტკიცება. რატომ უნდა ასე ძალიან ათ კაციანი სიის დამტკიცება „ოცნებაში“ გარკვეულ ჯგუფს, ეს ჩემთვის არის გაურკვეველი. თუნდაც ამის ფასად რომ მათი დაპირისპირება ასე საჯაროდ გამოვიდა. ანუ რაღაც ინტერესებზე ეს მიუთითებს. პროცესი უკვე ძალიან დაზიანებულია. ის ხალხი, რომელიც უკვე სიაშია, უმეტესობა არის დისკრედიტირებული და არანაირი ნდობა მათ მიმართ არ არის, ამიტომ ამ პროცესს ახლა ვეღარაფერი ვერ გამოასწორებს,“-განაცხადა გიორგი გვილავამ.
არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ, მოსამართლეთა სია, რომელიც მათი თქმით პარლამენტში პროცედურული დარღვევებით იქნა შეტანილი იუსტიციის საბჭოსთვის უკან იქნას დაბრუნებული. წინააღმდეგ შემთხვევაში „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის“ დირექტორი აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანო სრულად გაიზიარებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ამ პროცესს ახლავს.
„სიის განხილვის დროს საბჭოს წევრებს სახელები და გვარების კი არ ჰქონდათ კანდიდატების და არ არსებობდა დაბეჭდილი სია კანდიდატების რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ეს სია ედო ვიღაცას ჯიბეში საბჭოს სხდომის დაწყების წინ და იცოდა რამდენიმე ადამიანმა ამ კანდიდატების სახელების და გვარების შესახებ. ასეთი წესით მომზადებულ სიას თუ პარლამენტი გაიტანს სხდომაზე და განიხილავს, დაუშვებს რომ ვინმე ამ სიიდან შეიძლება გახდეს უვადოდ დანიშნული მოსამართლე უზენაეს სასამართლოში , რა თქმა უნდა პარლამენტი სრულად გაიზიარებს პასუხისმგებლობას იმ პროცესზე რომელიც დაიწყო იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ,“-განაცხადა სოფო ვერძეულმა.