17 ნოემბერი 2024,   08:59
ვრცლად
"სინოდის სხდომა ისე დამთავრდა, წერილი არ იქნა განხილული" - მეუფე პეტრეს თქმით, სინოდი ცილისმწამებელ სასულიერო პირებს ხელს აფარებს

მეუფე პეტრე აცხადებს, რომ ცილისმწამებელ სასულიერო პირებს სინოდი ხელს აფარებს.

ამის დასტურად კი მეუფეს წერილი მოჰყავს, რომლითაც მან მღვდელმთავრების კრებას ორჯერ მიმართა და რეაგირება მოითხოვა. წერილში ჭყონდიდელი მიტროპოლიტი  მის წინააღმდეგ ცალკეული სასულიერო პირებისა და საპატრიარქოს თანაშრომლების მიერ გაჟღერებული ცრუ ბრალდებების გამო რეაგირებას ითხოვდა. მეუფე პეტრე ამბობს, რომ მის წერილზე წმინდა სინოდს რეაგირება არ ჰქონია და არც წერილზე უმსჯელია.  

„წერილობით მივმართე საქართველოს კათალიკოს- პატრიარქს, საპატრიარქოს კანცელარიაში დარეგისტრირდა წერილი და ასევე გადაეცა პატრიარქის მოსაყდრეს. სინოდის სხდომის დროს ასევე შევახსენე. მოსაყდრემ იმედი გამოთქვა, რომ პატრიარქი იყო საქმის კურსში და მოხდებოდა მისი განხილვა, მაგრამ სინოდის სხდომა იმ ჯერზეც ისე დამთავრდა წერილი არ იქნა განხილული.

"წერილში, როგორც არის მითითებული ტენდენცია, ამ შემთხვევაში რა საფრთხე შეიძლება შეექმნას ეკლესიას ეს უკვე მითითებული მაქვს. ვწუხვარ, რომ ჯერ კიდევ ამ საფრთხის წინაშე ვდგავართ,“-ამბობს მეუფე პეტრე ცაავა.

მეუფე პეტრეს განცხადებას საპატრიარქოს იურისტმა უპასუხა. ედიშერ ქარჩავა ამბობს, რომ საკითხი, რომელზეც მეუფე საუბრობს უკვე განიხილეს და მის წამოწევას აღარ აპირებს. 

„ვიცი, რომ ჩემზე საუბრობს, მაგრამ ახლა შეგნებულად ხელმეორედ ამ თემის წამოწევა, მაშინ როდესაც უკვე გაირკვა და არის შესწავლილი და გადაწყვეტილება მიღებული... სინოდზე რატომ არ იქნა მიღებული და რატომ არ იქნა განხილული და რატომ არ იქნა ჩათვლილი საფუძვლიანად მისი ეს საკითხი, ეს არის სინოდის გადასაწყვეტი.

"ამიტომ სხვა ვერავინ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას და ვერავინ ვერ იმსჯელებს ამ საკითხზე. მე ერთი რამით შემიძლია შემოვიფარგლო, ყველამ თავისი თავის ლუსტრაცია საბოლოოდ მოახდინა, ამიტომ ამაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ,“-ამბობს საპატრიარქოს ადვოკატი ედიშერ ქარჩავა.

დაპირისპირება შობის წირვაზე პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს გამოქვეყნებამ გამოიწვია, რომელშიც საუბარია სიტყვის თავისუფლებასა და ცილისწამების სიტყვის თავისუფლების სახელით შენიღბვაზე.

​როგორც საშობაო წერილში ილია მეორე აღნიშნავს, სიტყვის თავისუფლებით, ხშირად ადამიანები ბოროტად სარგებლობენ და არ ერიდებიან სხვისი დამცირების მიზნით, მათ უსაფუძვლოდ შეურაცხყოფას. მეუფე პეტრე კი ამბობს,რომ ამ პრობლემის მოგვარება საპატრიარქომ ჯერ შიგნიდან უნდა დაიწყოს, რადგან ის თავად ხშირად გამხდარა სასულიერო პირების მხრიდან ცილისწამებისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელების მსხვერპლი.

ამავე თემაზე
დღის ამბები