გრიპის ვირუსის გახშირებული შემთხვევების გამო, ჯანდაცვის უწყება საგანგებო რეჟიმში მუშაობს. უწყების ინფორმაციით, დღეიდან, თბილისის მასშტაბით 5 პირველადი ჯანდაცვის პუნქტი 24 საათიან რეჟიმზე გადავიდა. თბილისის 5 რაიონში, ოჯახის ექიმები საგანგებო რეჟიმში იმუშავებენ.
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ზაზა ბოხუა ამბობს, რომ ფატალური შემთხვევების უმეტესობა, კლინიკებში დაგვიანებულმა მიმართვამ გამოიწვია. ბოხუა მოქალაქეებს საავადმყოფოებისთვის დროულად მიმართვისკენ მოუწოდებს.
„დღეიდან გადავიდა 5 პირველადი ჯანდაცვის პუნქტი 24 საათიან რეჟიმში, თუმცა პირველადი ჯანდაცვის პუნქტები ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობენ. ეს 5 არის, რომლებიც იმუშავებენ 24 საათის რეჟიმში. ყველა შემთხვევები, რომლებიც ჩვენთან ხდება სტაციონარში მოხვედრილი პაციენტების არის დაგვიანებული. სასურველია რომ პირდაპირ კლინიკებს მიმართონ,“ - განაცხადა ზაზა ბოხუამ.
გრიპის ვირუსის სიმპტომებია ხველა, ყელის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი. ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, სიმპტომების გამომჟღავნებისას პირველადი ჯანდაცვის რგოლს მიმართონ და არ გამოიძახონ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, გრიპის ვირუსით გორში, კლინიკა "გორმედში" 35 წლის ქალი გარდაიცვალა. გახშირებულია ინფიცირებულთა რაოდენობა. ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში კი კარანტინი გამოცხადდა.