მოსამართლეების ე.წ. შავი სია უმრავლესობაში პოლიტიკური კრიზისის მიზეზი გახდა, რაც შესაძლოა სამთავრობო გუნდიდან ყველაზე ძველი წევრების გარიცხვით დასრულდეს. თავად გედევან ფოფხაძე ამ ეტაპზე არ აკეთებს განმარტებებს მისი და ეკა ბესელიას პარტიიდან შესაძლო გარიცხვასთან დაკავშირებით, იმ დრომდე სანამ ამ გადაწყვეტილებას უფლებამოსილი პირისგან არ გაიგებს.
გედევან ფოფხაძემ დღეს შეხვედრა გამართა პარლამენტის ვიცე-სპიკერთან თამარ ჩუგოშვილთან, თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ მას დეტალებზე არ უსაუბრია.
„თამუნა ჩემთვის მეგობარია. მე მის აზრს ბევრ საკითხში ანგარიშს ვუწევ. დეტალებზე საუბარი არ მომთხოვოთ. რაც შეეხება ჩვენს შესაძლო გარიცხვას, სანამ ამას რაიმე ოფიციალური სტრუქტურა, ვინც ამ გადაწყვეტილების უფლებამოსილია არ დაადასტურებს, მანამდე ამაზე საუბარი იქნება არასწორი. ჩვენ გვჭირდება ღირსეული მართლმსაჯულება. ერთმა კლანმა, რაღაცა ჯგუფმა თავის კანტორად არ უნდა აქციოს სასამართლო სისტემა. უზენაეს სასამართლოს არ უნდა დაეპატრონონ ადამიანები, რომლებიც წაგვართმევენ ჩვენ მართლმსაჯულებას და თქვენს შვილებს სამართლიანი სასამართლოს უფლებას,“-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.