17 ნოემბერი 2024,   08:27
ვრცლად
"ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, რომ ჰყავდეს უვადოდ დანიშნული პირადი მოსამართლეები"-ოპოზიცია მმართველ გუნდში არსებულ კრიზისს აფასებს

მთავარი არის ის, რომ მოსამართლეთა სია ამ შემადგენლობით არ დამტკიცდეს და არა ის, რა ხდება უმრავლესობის შიგნით - ასეთია ოპოზიციის შეფასება მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე. ენმ-ს წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ეკა ბესელიას და გედევან ფოფხაძის პარტიიდან გარიცხვის ალბათობა მეორეხარისხოვანია. მისივე თქმით მთავარია ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს სია, რომელიც მასთან პირადად არის შეთანხმებული, როგორმე გაიტანოს.

„ეს სია შეთანხმებული იყო ივანიშვილთან და მისი გატანა უნდა საპარლამენტო ხელმძღვანელობას და მის აბსოლუტურ უმრავლესობას. ხოლო შექმნილი ვითარება როგორ გამოიყენა შემდეგ ბესელიამ თავის სასარგებლოდ, ეს არის მეათეხარისხოვანი და მეასეხარისხოვანი. შიდა პოლიტიკური ბრძოლა ამ შემთხვევაში არ არის არსებითი რამ. მთავარია, რომ იუსტიციის საბჭო, როგორც მავნებლური ორგანო, უნდა დაიშალოს. მთავარია, რომ მოსამართლეების არჩევის სისტემა უნდა შეიქმნას თავიდან და უნდა ჩამოყალიბდეს დღესვე პარლამენტში ისეთი მექანიზმი, რომელიც არ დაუშვებს აი ამ დამნაშავე მოსამართლეების კვლავ აღზევებას,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის პირად ინტერესებზე საუბრობს „ევროპული საქართველოც.“ გიგი უგულავა აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს სურს სასამართლოში ჰყავდეს უვადოდ დანიშნული საკუთარი მოსამართლეები.

„ეს არის პირადად ბიძინა ივანიშვილის სია. მან ამ არჩევნების მერე გადაწყვიტა, რომ პროკურატურა, სუს-ი და სასამართლო პირადად დაიქვემდებაროს. ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, რომ ჰყავდეს უვადოდ დანიშნული პირადი მოსამართლეები. აი აქედან უნდა ამოვიდეთ და ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ და გავაჩეროთ აი ეს უვადოდ თავს მოხვეული ბოროტება,“-განაცხადა გიგი  უგულავამ.

საპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ის თუ როგორ დასრულდება მმართველ გუნდში დაპირისპირება ეს უკვე ბიძინა ივანიშვილის პირად გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. 

ამავე თემაზე
დღის ამბები