დიდთოვლობის გამო, კობი-გუდაურის გზის მონაკვეთზე მოძრაობა ორი დღეა სრულად პარალიზებულია. მეხუთე დღეა შეჩერებულია მოძრაობა სატვირთო ავტომობილებისთვის. რთული მეტეოროლოგიური პირობების და ზვავსაშიშრეობის გამო, გზის გაწმენდითი სამუშაოები დაწყებული არ არის, ადგილზე ჯერ არ შესულა მძიმე ტექნიკა. როდის დაიწყება გზის გაწმენდითი სამუშაოები, ჯერჯერობით უცნობია. კობი-გუდაურის მონაკვეთზე აკრძალულია მოძრაობა ყველანაირი ავტომობილისთვის.
რაც შეეხება გუდაურს, იქ მოძრაობა მხოლოდ იმ ავტომობილებისთვის არის დაშვებული, რომელთაც მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები აქვთ. გუდაურამდე გზა, მძიმე ტექნიკით ინტენსიურად იწმინდება.
გარდა ამისა, რამდენიმე კილომეტრიანი საცობია დუშეთიდან ფასანაურამდე, სადაც მაღალი გამავლობის ავტომობილები არიან გაჩერებული. როგორც მძღოლები ამბობენ, ისინი მეხუთე დღეა გადაადგილებას ვერ ახერხებენ, ამოეწურათ ყველანაირი რესურსი და ელოდებიან, როდის გადაკვეთენ საქართველო-რუსეთის საზღვარს.
„5 დღეა აქ ვდგავართ. არავინ არაფერს არ გვეუბნება. აღარც საჭმელი და აღარც ფული გვაქვს. არვიცით როდის გაიხსნება გზა,“ - ამბობს ერთ-ერთი მძღოლი.
დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო, საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ადგილას შეზღუდულია მოძრაობა. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი წერეთელი ამბობს, რომ ფასანაური-გუდაური-კობის მონაკვეთთან დაკავშირებით, სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები.
„ამ ეტაპზე, შეზღუდვები დაწესებულია კობი-გუდაურის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების და დიდთოვლობის გამო. ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აკრძალულია და ასევე აკრძალვები ფიქსირდება კოდა-ნინოწმინდის მონაკვეთზე. ეს არის ფარავნის უღელტეხილი. ასევე, შეზღუდვები არის ახალქალაქი-კარძახი-თურქეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე. ყველა ამ მიმართულებაზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და შევეცდებით, რომ აღდგენილი იქნას მოძრაობა, ხოლო რაც შეეხება ფასანაური-გუდაური-კობის მონაკვეთს, აქ ველოდებით გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების დასკვნას, შეფასებას და მათი რეკომენდაციის საფუძველზე დაიწყებთ გაწმენდით სამუშაოებს,“ - ამბობს გიორგი წერეთელი.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, საქართველოში, მთელ ტერიტორიაზე უხვი ნალექი კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.