17 ნოემბერი 2024,   07:33
ვრცლად
რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის ტარიფი, საკრებულოში ხმაურიანი სხდომის დაწყების მიზეზი გახდა

რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის ტარიფი საკრებულოში ხმაურიანი სხდომის დაწყების მიზეზი გახდა. შეხვედრის მთავარი თემა რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსების მძღოლებისა და რუსთავის მერიის დაპირისპირებაა. სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. 

საკრებულოში უნდა გაარკვიონ, ვის მიერ მოხდა რეისზე ფასის გაზრდა და იყო თუ არა ეს სატრანსპორტო კომპანიის ერთპიროვნული გადაწყვეტილება, რომელიც მერიასთან არ შეთანხმდა.

შეხვედრა მას შემდეგ დაინიშნა, რაც მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს და გაძვირებული საფასურის უკან დაბრუნება მოითხოვეს.

კომისიის სხდომას ყველა მხარე ესწრება. შეხვედრაზე იმყოფება მძღოლების წარმომდგენელი პროფკავშირებიდან, ასევე სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც რუსთავში სამგზავრო ტარიფის ზრდას აპროტესტებენ. სხდომაში მონაწილეობას ასევე იღებს ოპოზიცია და საკრებულოს უმრავლესობა.

„ჩვენი მოთხოვნა იქნება, რომ კომისიის სხდომაზე გაჟღერდეს მოქალაქეების, მძღოლების მოთხოვნები და მოვთხოვოთ ადგილობრივ თვითმმართველობას და „ინტერტრანსს,“ რომ ეს დავა გადაიტანონ ერთმანეთში ისე, რომ მოსახლეობის ზარალი იყოს მინიმალური,“- განაცხადა რუსთავის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან,“ ალეკო ბერიძემ.

სხდომაზე იმყოფება რუსთავის მერიც, თუმცა როგორც ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა, ის შეხვედრაზე მერის სტატუსით არ იღებს მონაწილეობას და სხდომას როგორც მოქალაქე ისე ესწრება.

სხდომაზე სამუშაო ჯგუფი შედგება, რომელიც ტარიფის დადგენისთვის იმუშავებს. რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსის ტარიფი ამ ეტაპზე ძველ ნიშნულს დაუბრუნდა. მძღოლები კომპანია „ინტერტრანსს“ და მერიას შეთანხმებისთვის 21 დღიან ვადას აძლევენ.

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი. 

დღის ამბები