არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გაფართოებულ შეხვედრას მართავენ. მსჯელობის მთავარი თემა მმართველ გუნდში არსებული განხეთქილება და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დაკომპლექტებაა.
„არსებობს ძალიან სერიოზული კითხვები. არ შეიძლება კეთილსინდისიერად ითვლებოდეს მოსამართლე, რომელმაც 7 წელიწადში მხოლოდ 4 საქმე განიხილა უზენაეს სასამართლოში. არ შეიძლება კეთილსინდისიერად ითვლებოდეს მოსამართლეები, რომელიც წინასწარ გეგმავენ საკუთარ ინტერვიუებს და უთანხმებენ კითხვებს ერთმანეთს. იმედს ვიტოვებ, რომ ხელისუფლება დახურულ კარს მიღმა არ დაწერს რაღაც პროექტს და მერე ფაქტის წინაშე არ დაგვაყენებს და ეს იქნება გახსნილი პროცესი. თუკი ამას ხელისუფლება ასე არ გააკეთებს, ეს იქნება კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ მათი მიზანი არის არა რეალურად ჯანსაღი პროცესის წარმართვა და სამართლიანი სასამართლოსთვის საჭირო მოსამართლეების შერჩევა, არამედ იმ სიის გატანისთვის, რაღაც შეფუთვის გაკეთება,“-განაცხადა ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარემ გიორგი მშვენიერაძემ.
შეხვედრის დაწყებამდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ ბიძინა ივანიშვილის განცხადებასაც, რომელიც მან დღეს გამოაქვეყნა. საია-ს თავმჯდომარე აცხადებს, რომ მისთვის უცნობია დაწერა თუ არა მოსამართლეთა სია თავად ივანიშვილმა, თუმცა ის რომ ლობირებს ამ სიას, ცხადია.
„არ ვიცი ბიძინა ივანიშვილი ლობირებდა თუ არა ამ კონკრეტულ სიას თუმცა ფაქტია, რომ ის, რომ გარკვეულწილად იზიარებს იმ პროცესს, რა პროცესიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაიწყო თავის დროზე ეს ამ განცხადებიდან ჩანს. პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს და დროებით არის შეჩერებული ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. თავისთავად ამ ადამიანების ამ ფორმით მოხვედრა უზენაესი მოსამართლის პოსტზე არის ყოვლად მიუღებელი,“-განაცხადა სულხან სალაძემ.
შეხვედრას ესწრებიან ყოფილი მოსამართლეები და იურისტები. კითხვები მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებით მათაც აქვთ. იურისტები ამბობენ, რომ პირველ რიგში იუსტიციის საბჭოს მდივანმა უნდა დაასახელოს იმ პირის ვინაობა, ვინც სია დაწერა.
„იუსტიციის საბჭოს მდივანმა კეთილი უნდა ინებოს და თქვას ფურცელზე როგორ დაწერა, ვინ დააწერინა აი ამ ფურცელზე ამ ათი ადამიანის სახელი და გვარი საიდან მოხვდა, ეს უნდა მოჰყვეს იუსტიციის საბჭოს მდივანმა და მერე გველაპარაკონ პროცესის კანონიერებაზე. მმართველი გუნდის მხარდაჭერა ამ სიისადმი ცხადია. ვინც იპრანჭება, ვინც წელში ტყდება ასე ისე ფიქრი მჭირდება, მითხარით, ამ ქვეყანაში კიდევ ვინმეს სჭირდება ფიქრი ჩინჩალაძის პერსონასთან დაკავშირებით,“-განაცხადა მაია მწარიაშვილმა.