17 ნოემბერი 2024,   07:47
ვრცლად
"არავის დავუკითხივარ... მეცინება ამ გამოძიებაზე" - იმ კომპანიების მფლობელი, რომლებიც "თიბისი ბანკის" საქმეში ფიგურირებს

"თიბისი ბანკთან" დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე კითხვები აქვს თავად იმ კომპანიის მფლობელსაც, რომელსაც პროკურატურა უკანონო შემოსავლების ლეგალიზების საქმეში ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად ასახელებს. "სამგორი ემისა" და "სამგორი ტრეიდის" მფლობელი განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია რატომ არ არის ის ამ დრომდე გამოკითხული.

ვახტანგ წერეთელმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში გამოთქვა ვარაუდი, რომ საქმე არ მიმდინარეობს ჯანსაღი ინტერესებიდან გამომდინარე. ვახტანგ წერეთელი აცხადებს, რომ გამოძიებისთვის პასუხის გაცემა სწორედ მას შეუძლია, თუმცა ის ჯერ არავის დაუკითხავს.

„პროკურატურა სერიოზული სახით ამბობს გამოძიება მიდისო, დავკითხეთ ყველა ფიგურანტიო. რა მაინტერესებს იცით? იმ ორი კომპანიიდან, რომელზეც ამბავია ატეხილი, ორივეს წილს ვფლობ მე, თანაც ძალიან სოლიდურს. რას იძიებენ ესენი, ვერ გავიგე, როცა მე ამ წამამდე არავის დავუბარებივარ გამოკითხვაზე, ამიტომ მეცინება ამ გამოძიებაზე. თუ აქ რაღაც სხვა, მიღმა ამბავი არაა, წესით, მე ხომ უნდა დავებარებინე ვინმეს? მგონი, საბუთებში არც ჩაუხედავთ. ამ ჩემი სტატუსის მერე კი, როცა ჩემგანვე აღმოაჩენენ, რომ თურმე გამოსაკითხი ვარ, ალბათ დამიბარებენ,“-წერს ვახტანგ წერეთელი. 

"თიბისი ბანკის" საქმეზე გამოძიება პროკურატურამ 10 წლის წინანდელ ფაქტზე დაიწყო. საგამოძიებო ორგანო 17 მილიონის გათეთრების საკითხს სწავლობს. ვახტანგ წერეთელის კუთვნილი კომპანიები სწორედ ამ საქმეში ფიგურირებს. 

დღის ამბები