17 ნოემბერი 2024,   07:48
ვრცლად
რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის ტარიფის განხილვას საკრებულოში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა

რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის ტარიფი საკრებულოში ხმაურიანი სხდომის დაწყების მიზეზი გახდა. შეხვედრის მთავარი თემა მძღოლებისა და მერიის დაპირისპირება იყო.

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ სამოქალაქო აქტივისტები, პროფკავშირებიდან მძღოლების წარმომადგენელი, ოპოზიცია და საკრებულოს უმრავლესობა.

რუსთავის მერმა საკრებულოს პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა და აღნიშნა, რომ პოლიტიკურ შოუში მონაწილეობას არ მიიღებდა. სხდომიდან გამოსვლის შემდეგ ტაბაღუამ განაცხადა, რომ მერიამ საკრებულოში კანონპროექტი შეიტანა, რომლის თანახმადაც, მსგავს სიტუაციაში თვითმმართველი ორგანო კონკურსის გარეშე შეძლებს გადამზიდავთან ხელშეკრულების გაფორმებას.

„წარვდექი, როგორც რიგითი მოქალაქე და არ გამხდარიყო ეს პოლიტიკური შოუს ასპარეზი და ყოფილიყო მასობრივი სანახაობა იმისთვის, ვისაც საქმის კეთება არ უნდა. მე არაფერს არ ვტოვებ, მე წარვადგინე ჩემი რეკომენდაციები და გამოვედი სხდომიდან. ინიცირება გააკეთა მერიამ, საკრებულოში შემოიტანა კანონპროექტი, სადაც ლაპარაკია იმაზე, რომ თვითმმართველობას ექნება უფლებამოსილება, ანალოგიურ სიტუაციებში, კონკურსის გარეშე, ინდივიდუალურად გააფორმოს ხელშეკრულება ნებისმიერ გადამზიდავთან,“ - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

საკრებულოს სხდომა მერის გარდა პროტესტის ნიშნად დატოვა ასევე საკრებულოს თავმჯდომარემ, პროფკავშირების და კომპანიის წარმომადგენლებმა.

რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსის ტარიფი ამ ეტაპზე ძველ ნიშნულს დაუბრუნდა. მძღოლები კომპანია „ინტერტრანსს“ და მერიას შეთანხმებისთვის 21-დღიან ვადას აძლევენ.

ინტერტრანსის“ დირექტორი, სანდრო ჯაფარიძე კი აცხადებს, რომ თუ კერძო ბიზნესში უხეში ჩარევა დაფიქსირდება, მაშინ კომპანია თავს დაიცავს.

„სანამ კომისია შეისწავლის რეალურად რა ღირს ერთი მგზავრის გადაყვანა რუსთავიდან თბილისში და ასევე თბილისიდან რუსთავში, მანამდე ეს მგზავრობა იქნება 1.50 ლარი. ამის შემდეგ, რასაც კომისია დაადგენს, კომპანია ამას დაემორჩილება, ეს იქნება 2 ლარი, იქნება მგზავრობა 2 ლარი, იქნება ლარი - იქნება ლარი,"-აცხადებს ჯაფარიძე.

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი

დღის ამბები