17 ნოემბერი 2024,   08:46
ვრცლად
იმიტომ აძვირებენ წამლებს, რომ თვითონ მუქთად გამოვიდნენ - მოსახლეობის თქმით, ხელისუფლება გრიპის ვირუსთან საბრძოლველად არაფერს აკეთებს 

გრიპის ვირუსის გავრცელებისა და რთული ვითარების ფონზე, აფთიაქებში კვლავ სამედიცინო პროდუქტის დეფიციტია. მოქალაქეები პირბადეებს ისევ ვერ ყიდულობენ, მარაგი ამოიწურა. მოთხოვნა დიდია, სააფთიაქო ქსელები კი შევსებას ვერ ასწრებენ.

ფარმაცევტები ამბობენ, რომ პირბადეები აფთიაქებში შეტანისთანავე იყიდება. მოქალაქეები დიდი რაოდენობით ყიდულობენ და კოლოფებით მიაქვთ. ფასები გაზრდილია ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატ ტამიფლუზეც.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადების მიუხედავად, რომ სააფთიაქო ქსელებში გუშინ უნდა შევსებულიყო მედიკამენტების და პირბადეების მარაგი, ჯერჯერობით ზოგიერთ აფთიაქში ისევ დეფიციტია. „კურიერმა“ რამდენიმე აფთიაქი გადაიღო.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში ამბობენ, რომ პიკი უკვე გადავლილია, თუმცა საფრთხე ისევ არსებობს და ქვეყანაში დაავადებულთა დიდი რაოდენობაა.

ჯანდაცვის მინისტრი კლინიკების ხელმძღვანელებს 2 საათში შეხვდება.

მოსახლეობა განმარტავს, რომ ხელისუფლების ნაბიჯები გრიპთან საბრძოლველად ადეკვატური არ არის.

„რატომ მთავრობას არ ემართება ვირუსული გრიპი და რატომ ემართება უბრალო ხალხს? იმათ იციან კაი წამლები და ღებულობენ და  უბრალო ხალხს არ ახმარებენ, იმიტომ აძვირებენ წამლებს, რომ თვითონ მუქთად გამოვიდნენ,“- განაცხადა „კურიერთან“ ერთ-ერთმა მოქალაქემ.

დღის ამბები