მამაკაცი, რომელმაც მუხიანში ახალგაზრდა ქალი ელექტროშოკით გათიშა და იძალადა, დანაშაულს აღიარებს. 25 წლის რობი ალადაშვილს ბრალი გაუპატიურებასთან ერთად ელექტროშოკის გამოყენების გამო წაუყენეს.
ძალადობის ფაქტზე დაკავებული პირი ველისციხის მკვიდრია. ოჯახის ინფორმაციით, ის დედაქალაქში ქირით ცხოვრობდა, თუმცა, დანაშაულის მიზეზებსა და მოტივზე ისინი არ საუბრობენ.
მომხდარის დეტალებს იხსენებს თავად დაზარალებულიც. ახალგაზრდა ქალი ყვება, რომ უცნობმა პირმა, რომელიც მას ქუჩაში ღამით აედევნა, ელექტროშოკის ოთხი დარტყმით გათიშა და შემდეგ გააუპატიურა.
„ზურგიდან თავს დამესხა და მარჯვენა მხარეს კისერზე ელექტროშიკი დარტყმა მომაყენა,. დავეცი მუხლებით, ხელების პარალიზება მოახდინა და სუნთქვა შემეკრა. გამათრია შენობასთან, რომელიც ბილიკზეა. ვუთხარი ხმას არ ამოვიღებ, არაფერი დამიშავოთქო, მაგრამ ზედიზედ კიდევ ორჯერ კიდევ მომაყენა დარტყმა და იძალადა. ძალადობის შემდეგ ვიგრძენი ფეხის ხმით, რომ გავიდა ცოტა ხნით ალბათ და უცბად წამოვხტი, მხოლოდ ხელები მქონდა პარალიზებული და გამოვიქეცი ბილიკისკენ, შველის სათხოვნელად. შემომხვდა გოგო და ვთხოვე დაერეკა 112-ში და ეს პიროვნება ამ დროს გაიქცა გლდანისკენ ქვევით,“ - ამბობს დაზარალებული.
ახალგაზრდა ქალს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. მის სხეულზე ძალადობის კვალია. დაზარალებული მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
შსს-ს ინფორმაციით, კი პოლიციამ ბრალდებული დანაშაულიდან რამდენიმე საათში დააკავა. სამართალდამცველებმა მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ელექტრო შოკი და სხვა ნივთმტკიცებები ამოიღეს.