საქართველოს საპატრიარქო ფრთხილობს - ასეთია საქართველოს პრეზიდენტის შეფასება საქართველოს ეკლესიის მიმართ, რომელსაც საკუთარი პოზიცია უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ ამ დრომდე არ გამოუთქვამს.
სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მან, როგორც მოქალაქემ, საქართველოს მაგალითის გათვალისწინებით იცის, რა მნიშვნელოვანი ფაქტია ქვეყნისთვის ავტოკეფალიის მინიჭება, მაგრამ როგორც პრეზიდენტი, მილოცვისგან თავს შეიკავებს, რადგან აცნობიერებს იმ შედეგებს, რაც შეიძლება ამ მილოცვას მოჰყვეს.
„მე მინდა დავიწყო იმით, რომ ეს არის ძალიან სენსიტიური საკითხი, საკითხი, რომელიც ჩემთვის პირადად და მგონი ძალიან ბევრისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ კარგად ვიცით, კარგად გვახსოვს, თუ რა მნიშვნელობა შეიძინა საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენამ 1917 წელს, ანუ ჩვენთან ეს იყო საწინდარი დამოუკიდებლობის.
"ძალიან მარტივი იქნებოდა ჩემთვის მილოცვა უკრაინელი ხალხისთვის ავტოკეფალიის, რადგან ეს არის ჩემთვის ბუნებრივი, მაგრამ დღეს გესაუბრებით, ვარ საქართველოს პრეზიდენტი და ვიცი და ვგრძნობთ ამ პასუხისმგებლობას...
"მე მგონია, რომ ეკლესია და საპატრიარქო ჩემზე ნაკლებად არ ანიჭებს მნიშვნელობას საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას, ასევე თუ საპატრიარქო და ქართული ეკლესია ფრთხილობს, რაღაც შედეგების გამო, რომელსაც მე არ მინდა ხაზი გავუსვა, არ შეიძლება, რომ მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ვიყო ნაკლებად პასუხისმგებლიანი. ჩემთვის მილოცვა ადვილი იყო, მაგრამ არ ვთვლი, რომ მაქვს უფლება ავიღო პასუხისმგებლობა ამ საკითხების მიმართ, გარკვეული მიზეზების გამო, მაგრამ, ყველამ ვიცით რა საფრთხეები შეიძლება იყოს და ყველაზე კარგად იცის ეს საქართველოს საპატრიარქომ და მე არ ავიღებ ჩემს თავზე იმის პასუხისმგებლობას,“-ამბობს საქართველოს პრეზიდენტი.