თელავში, კულტურისა და დასვენების პარკი ნადიკვარი დააზიანეს. დამტვრეულია ტერასები, ჩამსხვრეული და დაბზარულია შუშის მოაჯირები, ასევე განადგურებულია ამფითეატრის იატაკი და ეზოში არსებული სკამები.
ფაქტის შესახებ იციან თელავის მერიაში. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, პარკი ვანდალებმა სხვადასხვა დროს დააზიანეს.
მათივე თქმით, ნადიკვარზე ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარე წელს განხორციელდება.
„სამწუხაროდ, ასეთი ვანდალური შემთხვევები გვაქვს, რომლის დროსაც, მოსახლეობა, სამწუხაროდ, აზიანებს, არა მხოლოდ ნადიკვარზე, ქალაქის და მთლიანად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვადასხვა ადგილს... სეზონისთვის ნადიკვარი უკვე სრულად შეხვდება გამართული,“ - ამბობს თელავის მუნიციპალიტეტის მერი, შოთა ნარეკლიშვილი.
ადგილობრივები კი დასასვენებელ პარკში სათვალთვალო კამერების დამონტაჟებას ითხოვენ.