17 ნოემბერი 2024,   07:40
ვრცლად
"არ მიუმართიაო, რა ნამუსით იძახიან" - მძიმე მდგომარეობაში მყოფი 6 წლის ბავშვის ოჯახი სერგეენკოსთან შეხვედრას ითხოვს

იაშვილის კლინიკაში მოთავსებული 6 წლის ბავშვის ოჯახის წევრები მოზარდისთვის სწორი დიაგნოზის დადგენას და ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. საბა კიწმარიშვილის ახლობლები ჯანდაცვის სამინისტროს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაშიც ადანაშაულებენ და არ ადასტურებენ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, მათ ბავშვის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით უწყებისთვის არ მიუმართავთ.

ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის უმძიმესია. ის ბათუმიდან თბილისში გადმოიყვანეს და ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მას 4 სხვადასხვა დიაგნოზი დაუდგინდა, თუმცა საბოლოო პასუხი ექიმებს მაინც არ აქვთ.

„მოვითხოვთ, რომ დადგეს სწორი დიაგნოზი და წავიდეს ბავშვზე სწორი დიაგნოზით მკურნალობა. პარასკევის შემდეგ ვრეკავთ ჯანდაცვის სამინისტროში, გვეუბნებიან, რომ არასამუშაო დღე არის და წარმომადგენელიც არავინ არ ჰყავთ. ჯანდაცვის მინისტრთანაც ვითხოვთ შეხვედრას და ბავშვის მკურნალ ექიმთანაც,“ - ამბობს მოზარდის დედა, თამარ ჩხიკვაძე.

პაციენტის ბიძა, გიორგი საფარაძე ამბობს, რომ ოჯახი ჯანდაცვის მინისტრთან დალაპარაკებას ეცდება. 

„ბათუმიდან მოყოლებული იცის ჯანდაცვის სამინისტრომ, რომ გადმოგვყავდა ბავშვი აქ. არ მიუმართიაო, რა ნამუსით იძახიან, როცა ყოველ დღე ვრეკავთ, ყოველ წუთას ვრეკავთ. ყველანაირად ვეცდებით, რომ შევიდეთ ჯანდაცვის მინისტრთან პირადად და მინისტრს დაველაპარაკოთ,“ - აცხადებს პაციენტის ბიძა, გიორგი საფარაძე.

იაშვილის კლინიკაში მოთავსებული 6 წლის ბავშვის ჯანმრთლობის მდგომარეობით სახალხო დამცველი დაინტერესდა. ომბუდსმენის წარმომადგენელი დღის ბოლოს საავადმყოფოში იმყოფებოდა. ის მედპერსონალს ტელეფონით გაესაუბრა და ბავშვის ახლობლებს შეხვდა.

„კლინიკაში განმიცხადეს, რომ ამ ეტაპზე ხელმძღვანელობა და კომპეტენტური პირები, ვინც დეტალურ ინფორმაციას ფლობენ, დასვენების დღის გამო არ იმყოფებიან,“ - აღნიშნა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა, მანანა მარტაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები