პოლიტიკური ლიდერების მხრიდან მათი უკრაინელი კოლეგებისა და ხალხის მიმართ მილოცვაზე თავის შეკავება, ნამდვილად გულდასაწყვეტია - ამის შესახებ მეუფე გრიგოლმა საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა. გავლენიანი მღვდელმთავარი პოლიტიკური ლიდერების მხრიდან უკრაინელი ხალხისთვის ავტოკეფალიის მინიჭების მილოცვისგან თავის შეკავებას აკრიტიკებს. მისი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება "შორსმჭვრეტელური არ არის"
მეუფე გრიგოლმა ქვეყანაში ეკლესიის როლსა და მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტი უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ უკრაინისთვის ეროვნული ეკლესიის არსებობა არ არის მხოლოდ რელიგიური მნიშვნელობის მატარებელი.
მეუფე გრიგოლი საკვირაო ქადაგებაში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის მოპოვებას იხსენებს და ამბობს, რომ ეს მხოლოდ რელიგიური მოვლენა არ ყოფილა და ქვეყნისთვის ამას დიდი ეროვნული და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა. მისი თქმით, იგივე მნიშვნელობის არის ეს უკრაინისთვისაც.
მღვდელმთავარი ამავე ქადაგებაში ეკლესიის მძლავრ გავლენებზეც მიუთითებს.
"თქვენ იცით დღეს როგორი როლი აქვს ეკლესიას ქვეყნის ცხოვრებაში. თითქმის უკანასკნელი 30 წელი მზარდი ტემპით გვიჩვენებს ამას (არ ვლაპარაკობთ შორეულ ისტორიულ გამოცდილებაზე). ჩვენი შთაბეჭდილებით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას დღეს უკვე გავლენა აქვს არამარტო ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაზე, არამედ მისმა შიდა რეიტინგმა ასახვა ჰპოვა ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზეც კი; ამის თვალსაჩინო მაგალითია საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური ლიდერების გამონათქვამები და მათი შეფასებები უკრაინაში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროცესებთან დაკავშირებით!!!
"უკრაინისთვის მისი ეროვნული ეკლესიის არსებობა არ არის მხოლოდ რელიგიური მნიშვნელობის მოვლენა, ისევე როგორც თავის დროზე, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის მოპოვება (V ს.) არ გახლდათ მხოლოდ რელიგიური აქტი; და არც ავტოკეფალიის დაკარგვა (1811 წ.) გახლდათ რუსეთის ეკლესიის რელიგიური ახირება; არც უკანონოდ დამცრობილი ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა (1917 წ.) გახლდათ მხოლოდ რელიგიური მნიშვნელობის მატარებელი. ჩვენთვის ამას ჰქონდა განუზომლად დიდი ეროვნული და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობაც. არსებითად ასეა ჩვენი დიდი ხნის ერთგული მეგობარი ქვეყნისა და ხალხისთვისაც.
„პოლიტიკური ლიდერების მხრიდან მათი უკრაინელი კოლეგებისა და ხალხის მიმართ მილოცვაზე თავის შეკავება, არსებული ისტორიული და პოლიტიკური რეალობის პირობებში, ნამდვილად გულდასაწყვეტია და არ წარმოადგენს განსაკუთრებულ შორსმჭვრეტელურ გადაწყვეტილებას.“
ისტორიული გამოცდილება კი ნამდვილად გვკარნახობს და გვაფიქრებინებს, რომ მართლმადიდებლურ სამყაროში მიმდინარეობს ახალი (ანუ, მეორე) ცენტრის ჩამოყალიბების პროცესი, ისტორიულად არსებული კანონიკური ცენტრის პარალელურად, და საქართველოს ეკლესია თუ აღმოჩნდა ამ „ახალი“ ცენტრის ორბიტაზე, ჩათვალეთ, რომ ქართულ სახელმწიფოსაც სავალალო ბედი ელის! და რა როლი განეკუთვნება მას ახალი ცენტრის რელიგიურ-პოლიტიკურ (და, შესაძლოა, ასევე, სამხედრო) გაერთიანებაში, ამას დიდი მარჩიელობა არ სჭირდება. ამიტომ, ბუნებრივია, როდესაც ჩვენ ვისმენთ მოსაზრებას, რომ ეკლესიასთან ერთად იმსჯელებენ ამ საკითხზე, ჩვენ ვხედავთ, რომ ან ვერ აცნობიერებენ საკუთარ ვალდებულებებს კოლეგებისა და მეგობარი სახელმწიფოს მიმართ, ან შეცდომაში არიან შეყვანილნი მცდარად გაგებული რელიგიურობით,“ - აღნიშნავს მეუფე გრიგოლი საკვირაო ქადაგებაში.