გავლენიანი მღვდელმთავარი, მეუფე გრიგოლი საკვირაო ქადაგებაში ამბობს, რომ მართლმადიდებელ სამყაროში ახალი ცენტრის ჩამოყალიბება მიმდინარეობს. მეუფე გრიგოლი ახალ რუსულ ძალაზე ლაპარაკობს.
სასულიერო პირი აღნიშნავს, რომ თუკი რომელიმე ძალა უკრაინის ავტოკეფალიას არ დაუჭერს მხარს, ეს იქნება რუსული პოზიციის გაზიარება და ახალი რუსული ძალის ჩამოყალიბების მხარდაჭერა.
„ისტორიული გამოცდილება კი ნამდვილად გვკარნახობს და გვაფიქრებინებს, რომ მართლმადიდებლურ სამყაროში მიმდინარეობს ახალი (ანუ, მეორე) ცენტრის ჩამოყალიბების პროცესი, ისტორიულად არსებული კანონიკური ცენტრის პარალელურად, და საქართველოს ეკლესია თუ აღმოჩნდა ამ „ახალი“ ცენტრის ორბიტაზე, ჩათვალეთ, რომ ქართულ სახელმწიფოსაც სავალალო ბედი ელის! და რა როლი განეკუთვნება მას ახალი ცენტრის რელიგიურ-პოლიტიკურ (და, შესაძლოა, ასევე, სამხედრო) გაერთიანებაში, ამას დიდი მარჩიელობა არ სჭირდება. ამიტომ, ბუნებრივია, როდესაც ჩვენ ვისმენთ მოსაზრებას, რომ ეკლესიასთან ერთად იმსჯელებენ ამ საკითხზე, ჩვენ ვხედავთ, რომ ან ვერ აცნობიერებენ საკუთარ ვალდებულებებს კოლეგებისა და მეგობარი სახელმწიფოს მიმართ, ან შეცდომაში არიან შეყვანილნი მცდარად გაგებული რელიგიურობით,“ - წერს მეუფე გრიგოლი.
გავლენიანი მღვდელმთავარი პოლიტიკური ლიდერების მხრიდან უკრაინელი ხალხისთვის ავტოკეფალიის მინიჭების მილოცვისგან თავის შეკავებას აკრიტიკებს.