17 ნოემბერი 2024,   08:43
ვრცლად
H1N1-ით 17 ადამიანი გარდაიცვალა - ჯანდაცვის მინისტრი სააფთიაქო ქსელების და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს 

ლაბორატორიული კვლევების შედეგად დასტურდება, რომ ბოლო მონაცემებით H1N1 ვირუსით 17 ადამიანია გარდაცვლილი. ამ დროისათვის  ჯანდაცვის სამინისტროში ვირუსის გავრცელების ბოლო მონაცემების და პრევენციული ზომების შესახებ შეხვედრა იმართება. შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი, სააფთიაქო ქსელებისა და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებიან.

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, ვირუსის გავრცელების ტენდენცია გასულ კვირასთან შედარებით კლებადია. დეკემბრის ბოლოს ვირუსით დავადებულთა რაოდენობა 277 იყო, დღეის მდგომარეობით კი, მათი რაოდენობა 273 -მდე შემცირდა.

„ პიკური რაოდენობა 277 უკვე გავიარეთ და წინა კვირის მონაცემებით უკვე 273 -ია. რა თქმა უნდა, სასურველი იქნებოდა, რომ უფრო ნაკლები ყოფილიყო, მაგრამ ტენდენცია ცალსახად გამოხატულია კლებისკენ. თუმცა, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არ გვაძლევს ჩვენ იმის საშუალებას, რომ ჩვენი ძალისხმევა შევასუსტოთ, რადგანაც რაოდენობების შემცირება არ ნიშნავს, რომ საკუთრივ დაავადების მიმდინარეობა უფრო გამარტივდა ამითი. არა, რა თქმა, უნდა და დაავადება ისევ ისე მძიმედ მიმდინარეობს, როგორც აქამდე იყო“- აცხადებს სერგეენკო.

ანტივირუსულ ვაქცინაციასთან დაკავშირებით განმარტება დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელმა გააკეთა. ამირან გამყრელიძის თქმით, გრიპის ვირუსის ვაქცინაცია არ შედის სავალდებულო ვაქცინაციის ჩამონათვალში არ შედის, თუმცა არსებული ვითარების და ვაქცინაციის გაზრდილი მოთხოვნილების გამო უწყებამ დამატებით 300 ერთეულის ყიდვა გადაწყვიტა. 

„სეზონი როცა იწყება იმ დროს ვაქცინაციის რაოდენობა რადიკალურად იკლებს.  გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არცერთი ქვეყნის სავალდებულო ვაქცინათა ჩამონათვალში არ შედის. ის არის ნებაყოფლობითი. გარკვეული პანიკის და აჟიოტაჟის გამო, სახელმწიფოში რაც ხდება ბოლო კვირების განმავლობაში, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, განსაკუთრებული ქვეყანაში არაფერი არ ხდება, რაც არ ყოფილა ასეთი. ამიტომ იმ ვაქცინასთან დაკავშირებითაც ასეთია გადაწყვეტილება დღეს, რომ სახელმწიფო დამატებით კიდევ ყიდულობს ვაქცინის გარკვეულ რაოდენობას, რომელიც შემოვა, დარწმუნებული ვარ, მომავალ კვირაში“- ამბობს გამყრელიძე.

გამყრელიძე ასევე, ამბობს, რომ წინასწარი პრევენციის მიზნით რისკჯგუფებში მყოფ პაციენტებს უკვე ჩაუტარდათ ვირუსის საწინააღმდეგო აცრები. 

რაც შეეხება ანტივირუსულ პრეპარატ „ ტამიფლუს“, მისი მარაგი სახელმწიფოში არსებობს და ის უფასოდ უკვე 15 000 ადამიანზე გაიცა.

ამავე თემაზე
დღის ამბები