17 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
"ჩვენც ვიშოვით ფულს რატომაც არაო" - გარემოვაჭრეები სასულიერო პირების ულტიმატუმზე და ჯვრის მონასტრის დაკეტვის მიზეზებზე საუბრობენ 

ჯვრის მონასტერი მეორე დღეა დაკეტილია. ვერც მომლოცველები და ვერც ტურისტები შიგნით ვერ შედიან. „იუნესკოს“ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და უნიკალური ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესიის მოსანახულებლად მისულ ვიზიტორებს მხოლოდ დაკეტილი კარები ხვდებათ.

ადგილობრივი ბერები, ამბობენ მხოლოდ იმას, რომ წინამძღვარი განმარტებას უახლოეს პერიოდში გააკეთებს. სასულიერო პირები ჟურნალისტებს ვითარების გასარკვევად მცხეთის მერიაში ამისამართებენ.

თავად მამა კონსტანტინე ჯინჭარაული კამერებთან ორი დღეა არ გამოჩენილა.

ბერმონაზვნებს ჯვრის მონასტერში შეშვებას დილიდან სთხოვენ ტურისტები და მომლოცველები. თუმცა სასულიერო პირები მათ უკან აბრუნებენ. 

„სპეციალურად ჩამოვიდნენ ჩვენი სტუმრები ჯვრის მონასტრის მოსალოცად. გვეუბნებიან, რომ მეორე დღეა დაკეტილია. ძალიან გთხოვთ გააღეთ, ამისთვის ჩამოვედით, ჯებირებიდან ხომ არ გადავალთ.“ -განაცხადა ტურისტმა.

ადგილზე იმყოფებიან გარემოვაჭრეებიც, რომლებიც ტაძრის დაკეტვის მიზეზებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ სასულიერო პირები მათ ტერიტორიის დატოვებას სთხოვენ. მათი თქმით, კონფლიქტი უკვე 2 წელია გრძელდება. გარემოვაჭრეები კი ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ. 

„18 წელიწადია რაც აქ ვდგავარ. მამაოები იძახიან ეს ჩვენი ტერიტორია არისო. გარე ტერიტორია მაგათი არ არის და გვიშლიან ჩვენ გარეთ ნუ ვაჭრობთო. მაგათი ტერიტორია შიგნით მხარეს არის, ეს ადრე უთხრა მერიამ. დაჟე კელია ჰქონდათ აშენებული, დაანგრევინეს კულტურის სამინისტროს და ახლა გინდა თუ არა წადით, ჩვენი ტერიტორიააო,“ - ამბობს ერთ-ერთი გარე მოვაჭრე.

მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის მეექვსე საუკუნის ძეგლის დაკეტვის გადაწყვეტილება მონასტრის წინამძღვარმა ერთპიროვნულად მიიღო. სასულიერო პირი იმუქრება, რომ ტაძარს მანამდე არ გახსნის, ვიდრე მიმდებარე ტერიტორიას გარე მოვაჭრეები არ დატოვებენ.  გარემოვაჭრეები ვარაუდობენ, რომ დახლების დადგმა, ჯვრის მონასტრის წინ სასულიერო პირებს თავად სურთ. 

„ხელს არავის არ ვუშლით, არც ტურისტს ვაკავებთ რამეთი, რომ წუხდებოდნენ და არანაირი შეფერხება არ გააჩნია ტურისტს ჩვენი მხრიდან, არც პარკირების მხრიდან და რატომ ხდება ასეთი რამე არ ვიცი. ჩვენ ხომ ვიყავით გადასული და თქვენ რომ შოულობთ ფულსო, ჩვენც ვიშოვით ფულსო რატომაც არაო. ეგ იყო რა, ინტერესი, მანდვე მითხრეს თავის პირით.“ -განაცხადა გარე მოვაჭრე ხარება გოშაძემ.

დღეს ჯვრის მონასტრის ტერიტორიაზე აპირებს მისვლას მცხეთის მერი. ის ინფორმაციის მიღებას გარემოვაჭრეებისგან შეეცდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები