17 ნოემბერი 2024,   09:00
ვრცლად
"უნდა რომ ჩვენ გარე მოვაჭრეები გავიყვანოთ" - მცხეთის მერი ჯვრის მონასტრის წინამძღვარზე საუბრობს  

ჯვრის მონასტრის ტერიტორიაზე ქალაქ მცხეთის მერი ვითარების გასარკვევად ავიდა. გიორგი კაპანაძე ადგილზე მყოფ სასულიერო პირებს შეხვდა და ცდილობდა მიეღო პასუხი, რატომ არის ჩაკეტილი ტაძრის კარიბჭე უკვე მეორე დღეა. გიორგი კაპანაძემ  ბერმონაზვნებს მიმართა და განმარტება სთხოვა, რატომ დააკისრეს პასუხისმგებლობა ტაძრის დაკეტვასთან დაკავშირებით მცხეთის მერიას. 

„რაში მადანაშაულებთ. მერია რა შუაშია. აგერ ვარ, მოვიდეს მამა კონსტანტინე და რა პრობლემის წინაშე ვდგევართ გავაგებინოთ ხალხს, რატომ არის დაკეტილი,“ - ამბობს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი.

მერის თქმით, გარე მოვაჭრეები ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე წლებია საქმიანობენ და მათთვის იქ სპეციალური ადგილი და დახლებიც არის გამოყოფილი.

„მისი მოთხოვნით, უნდა რომ ჩვენ გარე მოვაჭრეები გავიყვანოთ ამ ტერიტორიიდან და მე ვიტყვი ერთს, რომ დღესაც მობრძანდით, შემიძლია თითოეულს განახოთ დახლები გაკეთებული, სპეციალურად მოწყობილი ამ ტერიტორიისთვის. მოვასუფთავეთ ჩვენ ეს ტერიტორია. ეს პრობლემა არ არის დაწყებული დღეს, ეს დაიწყო დაახლოებით სამი წლის წინ, მაგრამ გარე მოვაჭრეები, მინდა კიდევ ერთხელ ავღნიშნო, რომ არ დგანან არც დღეიდან, არც გუშინდლიდან არ დამდგარან ეს ხალხი. ძალიან ბევრი  წლების განმავლობაში იდგნენ,“ - ამბობს გიორგი კაპანაძე.

ადგილზე მყოფი სასულიერო პირები ამბობენ, რომ ისინი ინფორმაციას არ ფლობენ და ტაძრის დაკეტვის შესახებ განცხადებას წინამძღვარი, კონსტანტინე ჯინჭარაული გააკეთებს.

როგორც ცნობილია, მონასტრის დაკეტვის გადაწყვეტილება ტაძრის წინამძღვარმა, კონსტანტინ ჯინჭარაულმა ერთპიროვნულად მიიღო. ტაძრის კარიბჭის დაკეტვის მიზეზად კი გარე ვაჭრობა სახელდება.

მე-6 საუკუნის უნიკალურ ძეგლამდე მისასვლელი კარიბჭე მეორე დღეა მონასტრის წინამძღვრის მითითებით დაკეტილია, და მეორე დღეა ისევ არავინ იცის როდის გახსნიან მას.

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი 

 

დღის ამბები