15 თებერვლიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია და თანამშრომელთა შემცირება იწყება. ადმინისტრაციაში დასაქმებულთა რაოდენობა 140 თანამშრომლიდან 60-მდე უნდა შემცირდეს.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ლაშა ჟვანია ამბობს, რომ კანონის თანახმად, მათ საჯარო სამსახურს უნდა მიმართონ და მოხდეს ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის საჯარო სამსახურში თანამდებობების შეთავაზება.
„დღეს უკვე სავალდებულოა, რომ სტრუქტურა დაიდოს. როდესაც სტრუქტურა დაიდება, რაც განსაზღვრავს საკადრო პოლიტიკას, ამის შემდეგ უკვე იწყება ერთ თვიანი ვადა, რომელსაც კანონი განსაზღვრავს თავად სტრუქტურის შიგნით, შესაბამისად, დეპარტამენტების ფორმირების გაწერა, თითოეული თანამშრომლის რა უფლება-მოვალეობას ითვალისწინებს. კანონი გვავალდებულებს, რომ მივმართოთ საჯარო სამსახურის ბიუროს და საჯარო სამსახურის ბიუროს ვუთხრათ, რომ ჩვენ ამა და ამ კვალიფიკაციის თანამშრომლები გვყავს, საშტატო რიცხოვნობის გაზრდილად არ არსებობის გამო ეს ადამიანები შეიძლება დარჩნენ საჯარო სამსახურის გარეშე და შევთავაზოთ მათ სახელმწიფო სამსახურში, რომელიმე ადეკვატური თანამდებობა, რომელიც მათ შეიძლება ჰქონდეთ,“ - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.