17 ნოემბერი 2024,   09:00
ვრცლად
არც ფანჯრებია, მთელი კედელი შემონგრეულია, სულ ყველაფერი დამტვრეულია, აღარ გვაქვს საცხოვრებელი - დაზარალებულები მომხდარს იხსენებენ

კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, ადგილობრივების ევაკუაცია გუშინვე განხორციელდა. მოსახლეობის ევაკუირება ორი საცხოვრებელი კორპუსიდან მოხდა.

დაზარალებული ოჯახები სხვადასხვა სასტუმროში გადანაწილდნენ. ამ დროისთვის, 31 ადამიანი არის სხვადასხვა სასტუმროში გადანაწილებული.

მანამდე კი ადგილობრივები საკუთარ ბინებში შეუშვეს, საიდანაც ნივთები გამოიტანეს.

დაზიანებულ კორპუსში მცხოვრებლები მომხდარს იხსენებენ და ამბობენ, რომ ტრაგედიამდე მათ კომპანია „ყაზტრსნსგაზის“ თანამშრომლები გამოიძახეს, რათა ბუნებრივი აირის გაჟონვა შეემოწმებინათ.

„სამზე გვქონდა დარეკილი და ლამის, 20:00 საათი ხდებოდა, რომ მოვიდნენ. ორი პიროვნება - ახალგაზრდა და ხანში შესული, შეამოწმეს დეტექტორებით იყვნენ და მოკლედ, ასე გვითხრეს, თქვენ რაღაც გეჩვენებათ, არანაირი სუნი არ არისო. მათი წასვლა და დაახლოებით, 40-45 წუთი და ეს მოხდა,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

ავთანდილის ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მათი ბინები ძალიან არის დაზიანებული და არ იციან, რამდენად ვარგისი იქნება საცხოვრებლად.

„ყველაფერია განადგურებული, შიგნით შევედით რამდენიმე წუთი და რა ხდება ვერ აღგიწერთ, არც ფანჯრებია, არც კარებია, მთელი კედელი შემონგრეულია, სულ ყველაფერი დამტვრეულია, აღარ გვაქვს საცხოვრებელი, არ ვიცი, რა იქნება,“ - ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.

ძლიერი აფეთქება დიდ დიღომში გუშინ მოხდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი. შემთხვევის შედეგად დაშავდა 8 ადამიანი.

ადგილობრივების ინფორმაციით, მთელი დღის განმავლობაში კორპუსში ბუნებრივი აირის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც გამოიძახეს „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლები. მისვლის შემდეგ კომპანიის წარმომადგენლებმა შეამოწმეს სადარბაზო, თუმცა, არანაირი ზომები არ მიუღიათ.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები